Jump to content
Planeta.Ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - გამოსავალი მხოლოდ ერთია: მიუკერძოებელი, საერთაშორისო გამოძიება და ამას უნდა დათანხმდეს „ქართული ოცნება“ - რაც უფრო მალე მოვა გონს ხელისუფლება, მით ნაკლები იქნება კრიზისი


რაც უფრო მალე მოვა გონს ხელისუფლება, მით უფრო ნაკლები იქნება კრიზისი, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საგარეო ზეწოლა, რომელიც ქვეყანას სამართლიან გარემოში დააბრუნებს.

“მე არ ვიცი, ეს აქციები ყოველდღიური იქნება თუ პერიოდულად ჩატარდება, ეს დამოკიდებულია იმ განწყობაზე, რომელიც საზოგადოებაში არის. ადეკვატური და გონიერი ხელისუფლება მოუსმენს თავის მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, რომ ხან ბევრია ხალხი აქციაზე და ხან, შედარებით, ნაკლები, მაგრამ, ფაქტია, რომ ქვეყანაში არის უკმაყოფილება და უსამართლობის განცდა. ამის გამოსავალი მხოლოდ ერთია - თუ იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, საერთაშორისო გამოძიება და ამას უნდა დათანხმდეს ხელისუფლება. საქართველოში არც ერთი დამოუკიდებელი სტრუქტურა აღარ არსებობს, რომლის მიმართაც ქვეყანაში ნდობა არის. ამიტომ, რაც უფრო მალე მოვა გონს ხელისუფლება, მით უფრო ნაკლები იქნება კრიზისი. სხვა შემთხვევაში, ქვეყანა შევა კრიზისში და ამ კრიზისზე პასუხისმგებლობა მთლიანად მასზეა.

საერთაშორისო და საგარეო ზეწოლის შედეგად, მე ვფიქრობ, რომ მაინც უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა სამართლიან გარემოში დაბრუნდეს და დემოკრატიული განვითარების ძირითად გზაზე დადგეს ისევ”, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, ამჯერად მაინც თუ იქნებიან გახარიას გუნდის წევრები აქციის დროს სცენაზე, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სცენაზე დგომის განსაკუთრებული სურვილი არ არის, თუმცა, ისინი პროტესტის ნაწილად რჩებიან.

“სცენაზე დგომის განსაკუთრებული სურვილი მაინც და მაინც არ გვაქვს. ჩვენ ვართ იმ პროტესტის ნაწილი, რომელიც არის საზოგადოებაში. ჩვენ ვართ ამ საზოგადოების ნაწილი. ჩვენი გეგმა არის ის, რომ პროტესტის მონაწილეებიც ვიყოთ, გავაძლიეროთ ის მტკიცებულებები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს სჭირდებათ იმისთვის, რომ მათ ჩამოაყალიბონ საბოლოო შეფასებები საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და საბოლოო ჯამში, ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ დათანხმდეს საერთაშორისო გამოძიებას, რომელმაც საბოლოო ვერდიქტი უნდა გამოიტანოს”, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...