Jump to content
Planeta.Ge

ჯაბა სამუშიას ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თსუ-ს რექტორის არჩევნებში


თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშია ამბობს, რომ მნიშვნელოვანი საკითხების "აწევას" აპირებს მოვალეობის შესრულების ექვსთვიან ვადაშივე, რომლის გასვლის შემდეგ, მხოლოდ შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში. ამის შესახებ ჯაბა სამუშიამ განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„თუ მე ავწიე ის, რისი გაკეთებაც ამ პერიოდში მინდა, რა თქმა უნდა, მექნება იმის სურვილი, რომ მომავალშიც ვიყარო კენჭი, მაგრამ თუ ვერ შევძელი და დავინახე, რომ ეს პრობლემები მართლაც არის იმ სიმძიმის, რომელსაც მე ფიზიკურად ვერ ავწევ და ვერ შევეჭიდები, არ ვაპირებ, კენჭი ვიყარო. ამას აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით. ჩემთვის უნივერსიტეტი და მისი ავტორიტეტი იმდენად დიდია, რომ იქ ადამიანები იმის გამო არასდროს არ უნდა მიდიოდნენ, რათა სადღაც, რომელიღაც სავარძელში ჩაჯდნენ. ეს შეურაცხმყოფელია თვითონ უნივერსიტეტისთვის და უნივერსიტეტელობისათვის. მინდა, გულწრფელად გითხრათ, დღეს მე ეს არ მაქვს გადაწყვეტილი“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ, რომლის თქმითაც, სამი მთავარი მიმართულება, რაზეც იგი იმუშავებს, არის სტუდენტური საცხოვრისის მშენებლობა, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის მთლიანი განახლება და სწავლების დონის მაქსიმალურად ამაღლება.

ჯაბა სამუშიას თქმით, უნივერსიტეტში არის 16 საკმაოდ დიდი და ცნობილი კვლევითი ინსტიტუტი, რომელთა პოტენციალი აბსოლუტურად გამოუყენებელია.

„ვაპირებ ამ კვირაში შევხვდე კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებს და მათ ერთი მარტივი შეკითხვა დავუსვა: სწავლების თვალსაზრისით, რა ინტელექტუალური კონტრიბუცია შეუძლიათ ჩადონ უნივერსიტეტის სტუდენტთა განვითარებაში. აუცილებელია, ეს შერწყმა მოხდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია 2022 წლის 20 ოქტომბერს აირჩიეს.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა. გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით - 2020 წელს აირჩიეს.

სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2014-2017 წლებში კი - ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...