Jump to content
Planeta.Ge

არ ვაღიარებთ გაყალბების შედეგს, მოვითხოვთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებს – პენცენტრი


ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის მენეჯერები მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. ისინი სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც მოუწოდებენ “ხმა ამოიღონ”.

“ჩვენ არ შევეგუებით ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვას და არ ვაღიარებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს. პირობას ვდებთ, რომ შეუპოვრად, ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს იდენტობის, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი ევროპული აწმყოსა და მომავლის დასაცავად. ამიტომ მოვითხოვთ ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ემიგრაციაში მცხოვრები მილიონამდე ქართველის – ჩვენი სრულუფლებიანი თანამოქალაქეების – ხმის უფლების რეალიზებისთვის სათანადო პირობების შექმნას და რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის გახსნას საზღვარგარეთ.

ასევე მოვუწოდებთ კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ექიმებს, ბიზნესმენებს, თითოეულ მშრომელს, ვის ყოველდღიურ ძალისხმევაზეც დგას ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი, გავერთიანდეთ და ხმა ავიმაღლოთ, რათა გადავარჩინოთ საქართველო იმ უფსკრულში გადაჩეხას, რომლისკენაც მიგვაქანებს ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით შეპყრობილი ოლიგარქი. მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, ყველამ ერთად, მშვიდობიანად და მტკიცედ, პრინციპულად და მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი რუსული მტაცებლობისგან, რადგან „სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი!”, – ვკითხულობთ საქართველოს პენცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე გავრცელებულ განცხადებაში ლიტერატურის სფეროში მომუშავე პროფესიონალები იხსენებენ მის მემკვიდრეობას. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ილია ჭავჭავაძე იყო პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების – დამფუძნებელი და საქართველოში “რუსეთის ბატონობის ერთ-ერთი ყველაზე დაუძინებელი მტერი”, “ქართული ოცნება” კი ეწინააღმდეგება ყველაფერს იმას, რასაც ის აკეთებდა.

“მიგვაჩნია, რომ პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა დაედო საფუძვლად თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობას. სწორედ ილია ჭავჭავაძე იყო ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ბატონობის ერთ-ერთი ყველაზე დაუძინებელი მტერი, დასავლური ღირებულებების ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი გამავრცელებელი და განათლების მნიშვნელობის დაუღალავი მქადაგებელი.
“ქართული ოცნების” ბრძოლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ, ხელისუფლების მიერ დასავლური დემოკრატიის დისკრედიტაციის მცდელობა და ბოლოს, 26 ოქტომბერს არჩევნების გაყალბება იმ საძირკვლის ხელყოფაა, რომელსაც ეყრდნობა თანამედროვე საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. ისტორიის გაყალბება, რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით ტყუილის სიმართლედ გასაღება, ჩვენი თანამოქალაქეების უკიდურესი სიღარიბისათვის გაწირვა, მათთვის განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ილია ჭავჭავაძისა და სხვა საამაყო ქართველთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. ეს არის ქართველი ხალხის მომავლის განადგურების მცდელობა”, – აცხადებენ პენცენტრში.
განცხადებას 120-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, წიგნის გამავრცელებელი თუ ლიტერატურის მენეჯერი აწერს ხელს. ხელმოწერების შეგროვება ისევ გრძელდება.
 
ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...