„გახარია საქართველოსთვის“: ჩვენი სარჩელი დაუშვებლად ცნეს, იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მათი სარჩელი იმ ამომრჩეველთა სიების დაცვაზე, რომლებმაც ვერიფიკაცია გაიარა. მოტივად, პარტიის ცნობით, დასახელდა ის, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა.
პარტია აცხადებს, რომ იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია „არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა“.
იხილეთ განცხადება:
„პროკურატურამ საბოლოოდ აიყვანა მძევლად არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება – იმ ამომრჩეველთა სიები, ვინც ვერიფიკაცია გაიარა, რომლის გასაჯაროებასაც 29 ოქტომბრიდან ვითხოვდით.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სარჩელი ამ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების დაცვაზე იმ მოტივით, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა.
პროკურატურამ სიები ფაქტობრივად დააყადაღა. მანამდე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი განცხადება ამ მტკიცებულების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე და სიების გასაჯაროებაზე.
აშკარად იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა. ამაზე მიუთითებს მოვლენების ქრონოლოგიაც: როგორც კი 29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება, პროკურატურამ ცესკოს მითითებით 30 ოქტომბერს სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება. ხოლო როგორც კი 1 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს გადაუდებელი აუცილებლობით ამ მტკიცებულების დაცვაზე, პროკურატურამ სასწრაფოდ დააყადაღა მტკიცებულებები. დღეს კი, სასამართლომ ამ არგუმენტზე დაყრდნობით, სარჩელი დაუშვებლად ცნო.
ცესკოს მიერ სიების გასაჯაროების გაჭიანურებისა და ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედების შემდეგ, აღნიშნული სიების ახლა ან მომავალში გამოქვეყნების შემთხვევაში, უკვე იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი სიებთან დაკავშირებულ შესაძლო მანიპულაციებზე. სიმართლის დადგენა მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებით იქნება შესაძლებელი“.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.