თბილისის სააპელაციომ ხმის ფარულობის დარღვევაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის სააპელაციომ არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა – გაუქმდა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაც. სასამართლოში 22 საათი მიმდინარეობდა უწყვეტი პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა.
„გაუქმდა თეთრი წყაროს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს საერთოდ არ იყო მოულოდნელი, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სასამართლო ცდილობდა, რომ ყველა საქმე ერთად გაეერთიანებინა და არ ყოფილა რაიმე განსხვავებული აზრი”, – აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.
ამ საქმეთა შორის გაერთიანებული იყო საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა (1293) ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხებოდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა საქმეთა გაყოფის თაობაზე.
საქმეს განიხილავდა მოსამართლეთა კოლეგია, რომლის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილია. გვრიტიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები ე. წ. სასამართლო კლანის წევრად მოიხსენიებენ.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი“ და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვდა, გაუქმებულიყო ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგები, სადაც ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული წესით წარიმართა, ვინაიდან დაირღვა ხმის ფარულობა – ბიულეტენების უკანა მხარეს ჩანდა ამომრჩევლების მიერ გაფერადებული წრეები, ხოლო არსებული ინფრასტრუქტურა ამის დაფარვას ვერ უზრუნველყოფდა.
5 ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.