ივანიშვილის სანქცირება, ვიზალიბერალიზაციის გადახედვა - ევროპის ქვეყნების დეპუტატების განცხადება
ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო და ევროპის კომიტეტების ხელმძღვანელები და ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ხელომწერების თქმით, მტკიცედ უჭერენ მხარს ქართველ ხალხს და მის ევროპულ არჩევანს.
„ღრმა სინანულით აღვნიშნავთ საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას, მათ შორის ანტიევროპული კანონმდებლობის მიღებას, რომელიც ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და ზღუდავს ადამიანის უფლებებს.
ვიმეორებთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აღინიშნა უპრეცედენტო რაოდენობის ინციდენტები და სისტემური დარღვევები, რომელთა შესახებაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს“, – წერია განცხადებაში.
ხელომწერები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ:
- ყველა ბრალდება საარჩევნო მანიპულაციებზე (მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში), განსაკუთრებით ამომრჩევლის დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული.
- რომ, რადგან ხელთ არსებული ბრალდებები იმდენად სერიოზულია, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია მიმართოს და გამოიძიოს ეს არჩევნები და ყველა დაფიქსირებული დარღვევა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს;
- გახადოს საჯარო და გამჭვირვალე ხმის მიცემის ოქმები, რათა თითოეულმა ამომრჩეველმა შეძლოს საკუთარი ხმის მიცემის დროის, ადგილის და ფაქტობრივი მისამართის გადამოწმება;
- იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.
გარდა ამისა, ხელმომწერები მოუწოდებენ ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს, სანქციები დაუწესოს საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო პროცესის დარღვევებზე, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საარჩევნო პროცესის განმავლობაში.
დეპუტატები მოუწოდებენ ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს, გადაიხედოს საქართველოსთვის დაწესებული ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი და არ გამორიცხონ მისი სრული შეჩერების შესაძლებლობა, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირობები არ შესრულდება.
მოუწოდებენ ევროკავშირს ყველა ფონდის გაყინვისკენ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო და საჯაერო დაწესებულებებთან თანამშრომლობას მოიცავს, გარდა იმ ფონდებისა, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას ეხება. ხელმომწერები ამავდროულად მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს, გაზარდონ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ფინანსური მხარდაჭერა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის საფუძველზე.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.