ცესკომ მოსამართლე ხუჭუას “მიკერძოების” დასასაბუთებლად საქმეს მისი ცოლის პოსტების სქრინები დაურთო – ქურდოვანიძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიკერძოებაში ადანაშაულებს. ქურდოვანიძის თქმით, ამის დასასაბუთებლად ცესკო სააპელაციო სასამართლოში ხუჭუას ცოლის, ელზა გურგენიძის ფეისბუქ პოსტებს წარადგენს.
ამის პარალელურად, ცესკო ითხოვს საქმიდან ამორიცხოს რაიონულ სასამართლოში, ხმის ფარულობის შემოწმების მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტი.
“თეთრიწყაროს საქმეც აქ განიხილება. საარჩევნო ადმინისტრაცია ითხოვს, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო, რადგან მისი ცოლი სოციალურ ქსელებში კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს და მარწყვის ტორტის გამოცხობას დაჰპირდა. პოსტების სქრინები დაურთეს საქმეს.
ასევე ითხოვენ, რომ ჩატარებული ექსპერიმენტი, სხდომაზე დათვალიერებული ბიულეტენები მტკიცებულებად არ ჩათვალონ და ამორიცხონ საქმიდან”, – წერს ქურდოვანიძე.
საია-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ ბოლო წუთებამდე არ აწვდიან ინფორმაციას, მოსამართლეთა რა შემადგენლობა განიხილავს მათ საქმეებს სააპელაციო სასამართლოში.
დღეს, 6 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს საია-ს სარჩელებს. ორგანიზაციამ გაასაჩივრა იმ საქალაქო და რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებმაც არ დაუკმაყოფილეს მოთხოვნა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც საია-ს სარჩელი პირველივე ინსტანციაში დააკმაყოფილა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუაა. მან თეთრიწყაროსა და წალკის ოლქებში, იმ უბნების შედეგები ცნო ბათილად, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. ეს საქმეც, სააპელაციოში, დღეს, 6 ნოემბერს განიხილება.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.