„ეს იყო მთელი ჯაჭვი" - გახარია საუბრობს, როგორ ზემოქმედებდა „ოცნება" მოქალაქეების ნებაზე
პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია საუბრობს სქემაზე, რის მიხედვითაც, მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად, მოქალაქეების ნებაზე კონტროლი მოახდინა.
გახარია გამოთქვამს ვარაუდს, რომ სახელმწიფო პერსონალურ მონაცემებზე წვდომით და ჯვარედინი ანალიზის მეთოდით იმის დადგენით, რა საჭიროებები არსებობდა სხვადასხვა ოჯახში, ახდენა მათზე ზემოქმედებას.
„ჩვენ გვაქვს ვარაუდი, ძალიან სერიოზული ვარაუდი, ჯერ-ჯერობით ვარაუდი, რომ სახელმწიფოს ჰქონდა სისტემური წვდომა პერსონალურ მონაცემებზე საქართველოს ყველა მოქალაქის და ეს არ არის მხოლოდ პერსონალური ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებში უნდა ინახებოდეს.
მე ვფიქრობ, ვვარაუდობ, რომ ეს შეიძლება იყოს კომერციულ ორგანიზაციების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, მაგალითად, ეროვნული ბანკის საშუალებით, საბანკო სესხების საშუალებით და კიდევ ბევრ რაღაცაზე – საუბარი არის 2 100 000 ამომრჩეველზე, რაც ჩვენი სოციალური სტრუქტურის შემთხვევაში არის მაქსიმუმ 700-800 ათასი ოჯახი. ფაქტობრივად, სახელმწიფოს ჰქონდა თავისი პერსონალური მონაცემებით, რომელიც სახელმწიფოს ისედაც აქვს, „big data”, ჯვარედინი ანალიზი გაკეთებული და თითო ოჯახში ყველგან იცოდა, ვინ იყო მოწყვლადი ადამიანი: სოციალურად დაუცველი; ადამიანი, რომელსაც სჭირდება მკურნალობა-ოპერაცია; ადამიანი, რომლის ოჯახშიც არის პატიმარი; ადამიანი, რომლის ოჯახშიც არის ბიზნესმენი, რომელსაც თავისი საგადასახადო ვალდებულებები აქვს; ადამიანი, რომელიც არის საზღვარგარეთ; ადამიანი, რომელიც არის საჯარო მოხელე და ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს.
შესაბამისად, ეს არ არის რთული – შენ თუ ნამუსს გაიწყვეტ და ჩათვლი, რომ შეგიძლია შენი თითოეული მოქალაქე მძევლად აიყვანო და აიძულო მას ხმა ისე მიაცემინო, როგორც შენ თვლი საჭიროდ, ამის რესურსი სახელმწიფოს დღეს საინფორმაციო საზოგადოებაში აქვს. ამიტომ არის პერსონალური მონაცემების კონტროლი ასეთი მნიშვნელოვანი.
ფაქტობრივად, სახელმწიფომ ჩვენი ყველა პერსონალური მონაცემები: როგორ ვცხოვრობთ, სად ვმუშაობთ, შემოსავალი რა გვაქვს, სესხი გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობის/სოციალური მდგომარეობა როგორია, საერთოდ ყველაფერი აიღო, ერთმანეთს დაადო და ჯვარედინი ანალიზის საშუალებით, რომელიც ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი გააკეთებს, მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახზე ყველაზე მარტივი ზემოქმედების ინსტრუმენტი რა შეიძლება იყოს და ამ ზემოქმედების განხორციელება დაიწყო ისე, როგორც ყველაზე ეფექტური და რაც მთავარია, უხილავი იქნებოდა.
ხშირად მესმის, რომ პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები ხშირად ნაწყენები არიან, როგორ შეიძლება 100 ლარად გაიყიდოს ხმა – ხმა 100 ლარად კი არ იყიდებოდა, ხმა იყიდებოდა 100 ლარად ერთ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში 1000 ლარად იყიდებოდა, მესამე შემთხვევაში 10 000 ლარად იყიდებოდა – რა მოთხოვნაც იყო, სახელმწიფო აკმაყოფილებდა ყველაფერს ოღონდ ზეწოლის საშუალებით და ადამიანებს უხსნიდა, რომ მე შენს ნებას ვაკონტროლებ და შენ თუ ჩემთან ზეწოლით შემოდიხარ ამ ურთიერთობაში, მე გავაკონტროლებ შენ საბოლოოდ, როგორი ხმა მიეცი. ეს იყო მთელი ეს ჯაჭვი.
მეორე მხრივ, უკვე დალექილი ჰქონდა ფარულობის პრობლემა და შემდგომ მივიღეთ რა: ადამიანი, როცა მიდიოდა უბანზე და უბანზე მას ჰქონდა რამდენიმე კორდონი – იყო გარე პერიმეტრი, სადაც ცალკე იყო პარტიული აქტივი, გარე პერიმეტრზე იყო „ოცნების” მიკრო-ოფისები, მიკრო-ავტობუსებში, რომლებიც უბრალოდ ფულს არიგებდნენ; გარე პერიმეტრზე იყო ეს „მოძველბიჭო”, კრიმინალური დაჯგუფებები.
შემდეგ ადამიანი შედიოდა უბანზე და უბანზე მას ხვდებოდა თავიდან ბოლომდე „ოცნების” აქტივით და საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული კომისია და რაც ყველაზე სამწუხაროა, დამკვირვებლის ფუნქციითაც 2/3 „ოცნებასთან” აფილირებული. გარდა იმისა, რომ უბანზე ერთმნიშვნელოვნად ხვდებოდა ეს შიშის გარემო, კიდევ კამერა, რომელიც არავინ არ იცოდა, ვისი იყო.
შესაბამისად, 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო ცდილობდა გაეკონტროლებინა ადამიანის ნება და ეს იყო თანმიმდევრული. ჩვენ ამიტომ ვაფრთხილებდით, ეს არ იქნება მარტივი არჩევანი, რა თქმა უნდა, ფარულობის გარანტირება აპარატულ დონეზე უნდა მომხდარიო და მოხდა კიდეც, მაგრამ ბიულეტენით თაღლითობა..
საბოლოო ჯამში, ამ დეტალებში არ უნდა წავიდეთ, უნდა წავიდეთ იქ, რომ ფარულობის დამუქრებით, რომ „ჩვენ გვეცოდინება შენ ხმა ვის მიეცი”, ფარულობის არარსებობის მუქარით და მთელი სახელმწიფო აპარატის ზეწოლით, შეძლო „ოცნებამ”, თვითონ „ოცნებამ” კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა, კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად გაეკონტროლებინა ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილის არჩევანი და მათი ნება”, – განაცხადა გახარიამ „ფორმულას” ეთერში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.