თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი ხმის ფარულობაზე - ქურდოვანიძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი ხმის ფარულობის უფლებაზე.
ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილეს არც სხვა ქალაქების მოსამართლეთა უმეტესობამ.
„ახლახანს დასრულდა საქალაქო სასამართლოში საია-ს სარჩელის განხილვა ხმის ფარულობის უფლებაზე. საქმე განიხილა გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, ახლახანს დანიშნულმა მოსამართლემ. მას ჰქონდა შანსი, საზოგადოებისათვის დაებრუნებინა ხმის ფარულობის უფლება და სასამართლოს მიმართ ნდობა. მან ეს შანსი არ გამოიყენა.
ეს შანსი არ გამოიყენეს არც სხვა ქალაქებში მდებარე სასამართლოების მოსამართლეებმა, რომლებმაც ანალოგიური საქმეები დღეს და გუშინ განიხილეს და არ დააკმაყოფილეს. რამდენიმე სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ველოდებით.
სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის ინტერესი რომ არ არსებობდა, ეს თავიდანვე გამოჩნდა, როდესაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი 2 მნიშვნელოვანი შუამდგომლობა – დაეთვალიერებინა შემთხვევითი შერჩევით უბნების დალუქული ბიულეტენები; საქმეში მესამე პირად ჩაერთო ცესკო.
ჯერჯერობით შედარებით საინტერესოდ მიმდინარეობს მოვლენები თეთრიწყაროს სასამართლო სასამართლოში, სადაც ხვალ მოსამარატლე ბიულეტენებს დაათვალიერებს და მარკერსაც შეამოწმებს“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის გამოვლენის შემდეგ, როცა გამოიკვეთა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს ჩანდა გაფერადებული წრეები, ცესკო-ს მიმართა გაეუქმებინა ყველა ის უბანი, სადაც ხმის ფარულობა დაირღვა.
საჩივრების დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიების უარის შემდეგ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ დავას სასამართლოებში გააგრძელებდნენ. 24 სასამართლოში 24 სარჩელს შეიტანდნენ, რომელიც გააერთიანებდა 73 ოლქის შედეგების ბათილად ცნობას ტექნოლოგიურ უბნებზე.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.