ბექა ლილუაშვილი - არჩევნების გაყალბების შედეგად, „ქართული ოცნების“ მცდელობა - გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც
არჩევნების გაყალბების შედეგად, „ქართული ოცნების“ მცდელობა - გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ, არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პერსპექტივები, რაც უარყოფითად აისახება თითოეული ოჯახის სოციალურ პირობებზეც.
„ეკონომიკაში დაგროვილია მძიმე სისტემური რისკები, რომელიც შესაძლოა, ძალიან მალე გამოვლინდეს და ერთბაშად დაასუსტოს ქვეყნის ფინანსური სისტემა - ამაზე საუბრობს არაერთი საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაცია.
მაგალითად, ლარის კურსი, პოლიტიკური დაკვეთით ხელოვნურადაა დაჭერილი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვის გზით - რაც, მხოლოდ საარჩევნო კვირაში, ქვეყანას 100 მლნ. დოლარი დაუჯდა, ხოლო მთლიანად ოქტომბერში იმაზე მეტი რესურსი დაიხარჯა, ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში.
დღეისთვის, ლარის კურსის გაუფასურების გადავადებისთვის - რეზერვები ნორმაზე 2-ჯერ ნაკლებია, რაც 2 ჯერ უფრო მოწყვლადს ხდის ქვეყნის საფინანსო სექტორს.
არჩევნების გაყალბების შედეგად, „ქართული ოცნების“ მცდელობა - გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც. შეგახსენებთ, რომ „ოცნების“ უგუნური პოლიტიკის შედეგად - შვედეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ევროკავშირის, აშშ-ს მხრიდან - 300 მლნ. დოლარამდე ფინანსური დახმარების შეჩერება მოყვა. მანამდე კი, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის შედეგად, შეჩერდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა და მხარდაჭერა 280 მლნ. დოლარის მოცულობით.
ამ დახმარებების შეჩერება, ერთის მხრივ, ნიშნავს სოფლის მეურნეობის, სამედიცინო, საფინანსო და გარემოს დაცვის სექტორებში ათასობით დასაქმებულისთვის შემოსავლის კლებას, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის გზავნილი კერძო ინვესტორებისთვის, რომ არადემოკრატიული ხელისუფლების პირობებში საქართველოში ფულის ჩადება სახიფათოა.
ამ ყველაფერთან ერთად, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. ოფშორების კანონი, რომელიც 100 პროცენტით გაუმჭვირვალეა და წარმოადგენს „შავი ფულის“ მოძრაობის გამიზნულად შექმნის გზას; მოქმედებს სანქციების თავის არიდებისთვის გამოცემული ბრძანება ეროვნული ბანკის მიერ და ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მნიშვნელოვნად გაზრდილია. ეს ქმნის ქვეყნის ფინანსური იზოლაციისა და სანქციების რისკებს, რომლის გავლენის გადატანას ქვეყნის ეკონომიკა ვერ შეძლებს.
შესაბამისად, მივმართავთ თითოეულ მოქალაქეს, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი არჩევანი, დღეს, ეს არა მხოლოდ დემოკრატიის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მომავლის, თქვენი კეთილდღეობის გადარჩენისთვისაა მნიშვნელოვანი“, -განაცხადა ლილუაშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.