Jump to content
Planeta.Ge

ლომჯარია იოსელიანს მანდატს შეახსენებს და უხსნის „კარუსელების“ მუშაობის პრინციპს


ყოფილი სახალხო დამცველი მოქმედს უხსნის არჩევნებზე „კარუსელების“ მუშაობის პრინციპს და შეახსენებს, რომ მისი მანდატი საარჩევნო უფლებაზე ზედამხედველობას ფარავს.

„ლევან, როგორც ჩანს ჩვენი ანგარიშების კითხვა დაგეზარათ და ხვალ 20:00 საათზე ჩაუჯექით ამ გადაცემას. 300 000 კაცი კი არ აყალბებდა, 1 აძლევდა ხმას 100 კაცის ნაცვლად. ომბუდსმენის  ინსტიტუტის რეპუტაცია წლების განმავლობაში ადამიანების თავდადებაზე, ღირებულებების ერთგულებაზე და პროფესიულ სინდისზე იდგა და თქვენი თანამშრომლების შრომას მაინც ეცით პატივი. და კი, თქვენი მანდატი ფარავს საარჩევნო უფლებას (კონსტიტუციის 24-ე მუხლი), ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის დაცვა და ზედამხედველობა თქვენი მანდატია და კეთილი ინებეთ, კეთილსინდისიერად განახორციელეთ თქვენი კონსტიტუციური  ვალდებულება.

p.s. თქვენთან ერთი განცხადებაც რომ არ არის შემოსული, იმას ნიშნავს, რომ არ გენდობიან“, – წერს ნინო ლომჯარია.


სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ვერ იმსჯელებს, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები, რადგან სახალხო დამცველი არჩევნებს არ აკვირდებოდა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის” ეთერში ლევან იოსელიანს ჰკითხეს, თვლის თუ არა, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში და არჩევნების დროს დამდგარი შედეგები არის თუ არა ლეგიტიმური.

„ეს კითხვა არ მიემართება სახალხო დამცველს. არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს. ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ჩვენ არ ვახორციელებდით დაკვირვებას“, – განაცხადა იოსელიანმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, სჯერა თუ არა მას, რომ 350 ათასი ხმა გააყალბა „ოცნებამ“, იოსელიანი ამბობს:

„ნუ არ ვიცი, 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც რომ ასე იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით, 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი, 10 ათასი ავტობუსი, ეს ყველაფერი თუ ისე მოხდა, რომ  ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე არ მჯერა ამის, არ დამიკარგავს საღი აზრი. არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმება ისე, რომ ერთი არ გამოჩნდა, 2 თვეა, ვიხვეწებით, ვინმეს თუ ჩამოგართვეს მოწმობა, განცხადება შემოიტანეთ-მეთქი, ერთი არ არის, ვინც იტყვის, რომ მას ჩამოართვეს იძულებით და არ უბრუნებენ“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...