72-მა საარჩევნო ოლქმა არ დააკმაყოფილა საიას საჩივრები ფარულობის დარღვევაზე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივრები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით არცერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია სასამართლო დავებისთვის ემზადება.
ამ დროისთვის საია-ს საჩივრები უკვე განიხილა 72-მა საოლქო კომისიამ. დარჩა მხოლოდ ერთი – ჭიათურის საოლქო კომისია, რომელიც საკითხზე დღეს იმსჯელებს.
საია-ს დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ხმის ფარულობასთან დაკავშირებული მათი სარჩელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოში შევა.
“მალე საქართველოში მოქმედ ყველა საქალაქო/რაიონულ სასამართლოში ვიდავებთ. ასეთი სულ 24-ია. საია-მ ხმის ფარულობაზე საჩივრები შეიტანა ყველა საარჩევნო ოლქში. 73 ოლქში შეტანილი საჩივრები მალე 24 საქმედ დაჯგუფდება და ყველა სასამართლოს დავუმტკიცებთ სიმართლეს, რომ არჩევნები ფარულად არ ჩატარებულა. ამ 24-დან ერთმა მოსამართლემაც რომ გაბედოს სიმართლის მხარეს დგომა, დემოკრატიის გადარჩენა შესაძლებელი იქნება”, – წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
საიას განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე.
საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.