კალანდარიშვილის თქმით, აპარატების აუდიტის ნაწილი ამერიკიდან დისტანციურად განხორციელდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს არ ესმის, საარჩევნო ელექტრონული სისტემების შესაბამისობის აუდიტში დამკვირვებლების ჩართულობა როგორ უნდა განხორციელებულიყო, როცა აუდიტის გარკვეულ ფაზაში სამუშაოები ამერიკიდან, დისტანციურად ჩატარდა.
ასე გამოეხმაურა კალანდარიშვილი რადიო „სივრცის“ ეთერში ეუთო/ოდირის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას აუდიტის შესახებ.
„ხორციელდება ტირაჟირება ეუთო/ოდირის დასკვნაში გაკეთებული შეფასებისა იმაზე, რომ თითქოს აუდიტის დასკვნასთან მიმართებაში ნაკლოვანება იყო გამჭვირვალობის კუთხით. პირველ რიგში ასეთი ტიპის მომართვა, რომ აუდიტორულ პროცესში ვინმეს ჩართულობა ან მონიტორინგი ყოფილიყო, ნამდვილად არ მახსენდება. მეორე, ცოტა არ იყოს გაუგებარია, როგორ უნდა ყოფილიყო ეს ჩართულობა მაშინ, როდესაც ამ ადამიანებმა გარკვეული ფაზაში სამუშაოები ამერიკიდან დისტანციურად განახორციელეს, როდესაც ე.წ. source კოდის, საწყისი კოდის რევიზია ხორციელდებოდა. ან რას უნდა დაჰკვირვებოდნენ, როგორ უნდა დაჰკვირვებოდნენ და ვინ უნდა დაჰკვირვებოდა, ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია“, — განაცხადა კალანდარიშვილმა.
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონი არ ითვალისწინებს საარჩევნო ტექნოლოგიების დამოუკიდებელ ვერიფიკაციასა და სერტიფიცირებას. 2023 წლის ოქტომბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეარჩია კერძო კომპანია (pro v&v) შესაბამისობის აუდიტის განსახორციელებლად, რომელმაც დაადასტურა, რომ მოწყობილობები შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და ქვეყნის კანონმდებლობას.
„2024 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმავე კომპანიას მოწყობილობების სპეციფიკურად საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი აუდიტის ჩატარება დაავალა. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამი ფაზიდან ორი დასრულებული იყო, შესაბამისი ანგარიში კენჭისყრის დღემდე არ გამოქვეყნებულა. ძირითადი დაინტერესებული მხარეები, როგორებიც არიან პოლიტიკური პარტიები და ადგილობრივი დამკვირვებლები, არ დაუშვეს აუდიტის პროცესზე დასასწრებად და მათ შეზღუდულად მიუწვდებოდათ ხელი რელევანტურ დოკუმენტაციაზე, რაც ზღუდავდა გამჭვირვალობას და არ შეესაბამებოდა საერთაშორისო კარგ პრაქტიკას“, — ნათქვამია მისიის შეფასებაში.
ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ „pro v&v”-მ შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპის შედეგები წარმოადგინა და დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.