ნიდერლანდების ელჩმა X-ზე უპასუხა და უარყო ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება
ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი პასუხობს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს, რომლის მტკიცებითაც, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს წინსვლას ადასტურებს.
„ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ აღნიშნავს ბოლო 12 თვის განმავლობაში პროგრესის სხვადასხვა დონეს გაფართოების 35 თავიდან 25-ში. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პროგრესი აქვს ევროკავშირის გზაზე და ჯერ კიდევ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვასა და უკრაინას ფუნდამენტური უფლებების თავში“, — წერს სამხარაძე X-ზე.
დეპუტატის ეს პოსტი გაზიარებული აქვს და პასუხობს ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი:
„არა, ბატონო სამხარაძე. ეს ასე არ არის. საქართველო არ პროგრესირებს ევროკავშირის გზაზე, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკან დახევაა. ამის გამო შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“, — წერს იგი.
ევროკომისიამ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა გაფართოების ყოველწლიური ანგარიშები, რომლებიც გაწევრიანების მსურველ 10 ქვეყანაში (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი) არსებულ მდგომარეობასა და პროგრესს აფასებს.
ევროკომისია იმეორებს ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს, წევრი სახელმწიფოების მეთაურებისგან დაკომპლექტებული ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებების კურსის გამო გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
„თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების ამჟამინდელ კურსს, რაც საფრთხეს უქმნის მის გზას ევროკავშირისკენ და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია განვიხილოთ“, — ნათქვამია ანგარიშში.
მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ მანიპულაციურად ცდილობს, ანგარიში დადებითად წარმოაჩინოს და ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად შეჩერებული არ არის.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.