უნდა ვიცოდეთ, რა ვადაში იშლება ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაცია – ლილუაშვილი
პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლულუაშვილის განცხადებით, ცესკოსგან ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება.
პარტიამ ცესკოს მიმართა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ბაზა გადასცეს ნეიტრალურ ობიექტურ პლატფორმას, იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი / ინდივიდუალური ინფორმაცია – მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში და რომელ უბანზე მოახდინა ხმის მიცემა.
გარდა ამისა, პარტია ითხოვს, რომ ცესკომ არჩევნების ელექტრონულად ჩამტარებელ კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტი და ყველა ის ცვლილებაც გაასაჯაროოს, რომელიც ამ დოკუმენტშია შეტანილი.
როგორც ბექა ლილუაშვილი ამბობს, დღევანდელი მდგომარეობით, ცესკოს წარმომადგენლებისა და „ქართული ოცნების“ ცალკეული პოლიტიკური პირების, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მიმართულია არა არჩევნების სისტემურ გაყალბებასთან დაკავშირებული ფაქტების განეიტრალებისკენ, რისი ერთ-ერთი გზაც სწორედ ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებაა, არამედ მიმართულია დროის გაჭიანურებისკენ.
„დროის გაყვანის მცდელობას ადასტურებს ისიც, რომ ცესკოს ჯერ არ წარმოუდგენია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არჩევნებში გამოყენებულ ელექტრონულ საშუალებებში არსებული ინფორმაციის დამუშავებასა და შენახვის ვადების მარეგულირებელი დოკუმენტაცია. ამ ინფორმაციის მოთხოვნით ჩვენ ცესკოს ორი დღის წინ მივმართეთ.
ამ არჩევნებზე არჩევნების შედეგებზე სისტემურად ტექნოლოგიური მანიპულაციების დადასტურების ერთ-ერთი გზა სწორედ ამ ელექტრონულ საშუალებებში ინახება.
ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, კონტრაქტის მიხედვით, თავდაპირველად რა ვადაში იყო ან/და ცვლილების შედეგად ახლა რა ვადაში უნდა მოხდეს ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაციის გასუფთავება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია ელექტრონულ საშუალებებზე არსებული ინფორმაციის მართვის პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკოს მოუწოდებენ, გადამოწმდეს, ვინ მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.
დამკვირვებელი ორგანიზაციების კოალიცია “ჩემი ხმა” აცხადებს, რომ არჩევნებში ადგილი ჰქონდა ე.წ. სისტემურ კარუსელს, რომლის ფარგლებშიც ერთმა და იმავე ადამიანებმა არაერთგზის მისცეს ხმა სხვისი, მათ შორის შესაძლოა ემიგრაციაში მყოფი ადამიანების პირადი ნომრების გამოყენებით.
ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილის განცხადებით, ცესკოს მარტივად შეუძლია ამ პოზიციის გაბათილება, თუ ის ამომრჩევლებს მისცემს საშუალებას, შეამოწმონ, მათი პირადი ნომრით ვინ მისცა ხმა, სად და როდის.
პირობითად ემიგრანტი, რომელსაც რეალურად არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუ აღმოაჩენს, რომ ვიღაცამ მისი პირადი ნომრის გამოყენებით საქართველოში მისცა ხმა, ეს “კარუსელის” დამადასტურებელი ფაქტი იქნება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.