„ვუერთდებით მოწოდებებს, ჩატარდეს დარღვევების გამოძიება” - 5 ქვეყნის განცხადება
ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და უერთდებიან მოწოდებებს არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ, ნორდიკული ქვეყნები ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს, ჩატარდეს საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული გამოვლენილი დარღვევების საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. აუცილებელია, განეიტრალდეს ეჭვები, რომლებიც ჩრდილს აყენებენ საარჩევნო პროცესის სანდოობას.
ნორდიკული ქვეყნები მტკიცედ უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, რაც საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებზეა დაფუძნებული.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოს პოლიტიკურ კურსს. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და მიღებული კანონები სულ უფრო მეტად სცდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების შესაბამის გზას. კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული არჩევნების დაცვა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის.
ჩვენ, ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში თავისი სათანადო ადგილისკენ მიიყვანს. ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს და საქართველოს მთავრობას შევაფასებთ მათი ქმედებების მიხედვით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ლარს ლოკე რასმუსენი, დანიიის საგარეო საქმეთა მინისტრი;
- ელინა ვალტონენი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი;
- თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი;
- ესპენ ბარტ აიდე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი;
- მარია მალმერ სტენერგარდი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.