ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე? – მეზვრიშვილი პროკურატურას
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება ცესკოს მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას.
გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს გამოძიება და პრეზიდენტის დაბარება ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო ფაქტი.
„რას დაემსგავსეთ, რას? ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე? პაპუაშვილს როდის იბარებთ მუქარაზე?
ადამიანებზე თავდასხმაზე, ძალადობაზე, თვალთვალზე როდის იწყებთ გამოძიებას? ეს გამოძიება და ეს დაბარება ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო და როგორ მწყდება გული, რომ ამას თქვენ აკეთებთ“, – წერს მეზვრიშვილი Facebook-ზე.
პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
პროკურატურა აცხადებს, რომ ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკოს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
ცენტრალურმა საარჩევნო კომპანიამ გუშინ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა და პროკურატურას მიმართა იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.