Jump to content
Planeta.Ge

გახარიას პარტიის წევრი აცხადებს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ


28 ოქტომბერს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი თანაგუნდელის, ლია ყოჩიშვილის მამას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მეზვრიშვილის თქმით, მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ლია ყოჩიშვილისთვის მანქანის დაჯახება სცადეს, შემდეგ კი შეურაცხყოფა მიაყენეს მის დედას.

„ჩვენს თანაგუნდელს – ლია ყოჩიშვილს კორუმპირებული ფეოდალი დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფება კორუფციაში მხილების გამო მანქანას რომ აჯახებდა ხომ გახსოვთ? პოლიციას რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია. მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში ლია ყოჩიშვილის დედას დაესხნენ თავს. დღეს კი იგივე დაჯგუფება ლია ყოჩიშვილის მოხუც მამას სახლში შეუვარდა და პირდაპირ ლოგინში სასტიკად გაუსწორდა“, – დაწერა ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში.

თავად ლია ყოჩიშვილი მამაზე თავდასხმას მედიასთან ასე იხსენებს:

„ხუთის ნახევარი იქნებოდა, სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი. მამაჩემიც იქვე დივანზე იწვა, ტელევიზორს უყურებდა. ძაღლის ყეფა გავიგე, ფეხის ხმაც მომესმა აივანზე. დავინახე გურამ ჯიქია.

რომ შემოვიდა სახე ჰქონდა ძალიან შეშლილი და მე მივხვდი, რომ ეს კარგი განწყობით არ იყო შემოსული ჩვენთან. პირდაპირ მამაჩემისკენ წავიდა, ამ დროს მე ჩავუდექი შუაში და პირველი მე დამარტყა სახის არეში, მე იმდენად ძლიერად დამარტყა რომ დაბლა მეტლახზე დავვარდი.

მამაჩემს წამოდგომის საშუალება არ მისცა და იქვე დივანზე უმოწყალოდ ურტყა მუშტებით. ძალა მოვიკრიბე, ავდექი, გავედი აივანზე, განწირული ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი. მამაჩემი უმოწყალოდ იყო დასისხლიანებული. მალევე სასწრაფო და პოლიცია მოვიდა და საავადმყოფოში გადმოგვიყვანეს“, – ამბობს ლია ყოჩიშვილი.

გურამ ჯიქია მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ჯიქიას ძმაა.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, გიორგი ჯიქია ამბობს, რომ ლია ყოჩიშვილი პროვოკაციას აწყობს.

„არავინ შევარდნია, დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით, გამოძიება მიდის, მაგრამ არავინ შევარდნია. ჩემი ძმა დაიკითხა თუ არა, არ ვიცი, არ მინახავს, დაიკითხება ალბათ. ჯერ ჩემს არასრულწლოვან შვილს დააბრალეს, ვითომ დედამისს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც არ ყოფილა. კიდევ მანქანის დაჯახება დააბრალა მეზობელს, რომელიც ჩემთან საერთოდ არ ასოცირდება. არასდროს არც „ქართულ ოცნებაში“ ყოფილა ის ბიჭი და ხუნდაძესაც საერთოდ არ იცნობს“, – ამბობს გიორგი ჯიქია.

შსს 28 ოქტომბერს მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აწარმოებს.

გიორგი გახარია ამას ანგარიშსწორებას და ბიძინა ივანიშვილის წამოწყებული კამპანიის გაგრძელებას უკავშირებს. მისი თქმით, ივანიშვილის განცხადებებმა გახარიას პარტიის წევრებზე თავდასხმა და ძალადობა წაახალისა.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...