Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა


პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია რამდენიმე მოთხოვნას აყენებს.

როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩევლის სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება. კერძოდ, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, რომელ უბანზე და რომელ საათზე მისცა ხმა.

ამასთან, გახარია ცესკო-სგან არჩევნების ელექტრონულად ჩამტარებელ კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის გასაჯაროებასაც ითხოვს.

„ცესკო-მ, რომელიც იმის ნაცვლად, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეხმარებოდეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოჰყავდეს, კიდევ ერთხელ მოაწყო პროვოკაცია, გამოვარდნენ და პრევენციულად რაღაც განცხადება გააკეთეს, რომელიც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. დღეს, ჩვენ ცესკო-სგან მოვითხოვეთ „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის და ყველა იმ ცვლილების გადმოცემა, რომელიც ამ კონტრაქტშია შეტანილი, რომ ეს საჯარო გახდეს. გარდა ამისა, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 076 791 ამომრჩევლის სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს გადაამოწმოს შემდეგი მონაცემები - მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში, რომელ უბანზე, რომელ საათზე მისცა ხმა. დღეს ცესკო გამოვარდა და თქვა, რომ ეს პირად მონაცემებს და კანონს არღვევს. ცესკო-ს მინდა შევახსენო, რომ ბაზების გასაჯაროებას არავინ ითხოვს, საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებაზე და დაცვაზე. ცესკო-ს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შევიდეს, გადაამოწმოს თავისი თავი და ნახოს, რომელ უბანზეა მიწერილი. ჩვენ ვითხოვთ, ამ ინფორმაციას დაემატოს ის რეკვიზიტები, რომელიც ჩამოვთვალე. მათ ამის გაკეთება 1 საათში შეუძლიათ, არანაირი პრობლემა არ არის.

ახლა რომ განვმარტოთ, რატომ გვინდა ეს და რატომ მივმართეთ ცესკო-ს „სმარტმატიკის“ კონტრაქტის გამოქვეყნებით. ჩვენ არ ვიცით, „სმარტმატიკთან“ კონტრაქტი როგორ არის გაფორმებული და ეს ინფორმაცია როდემდე შეინახება, შეიძლება 10 დღეში, ან 1 თვეში, ეს ინფორმაცია ჩვენთვის მიუწვდომელი გახდეს. მეორეს მხრივ, ამხელა დაძაბულობის და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როცა ამხელა საერთაშორისო წნეხია ქვეყანაზე, როცა ქვეყანას ევროპული განვითარების გზა ეკეტება, თუ სახელმწიფო მართლა ამბობს, არჩევნებზე არაფერი მომხდარაო, ამ ინფორმაციის გასაჯაროება, ერთხელ და სამუდამოდ დახურავს საკითხს იმასთან დაკავშირებით, არჩევნების შედეგებით მანიპულირება მოხდა, თუ - არ მოხდა. ამ ინფორმაციის გასაჯაროება ნებისმიერი სახით ცესკო-ს შეუძლია, ეს შეიძლება იყოს დაცული, ნეიტრალური პლატფორმა. ცესკო-ს თუ უნდა, ნდობა აღადგინოს, ეს ნაბიჯი უნდა გადადგან, თუ არ აინტერესებთ და ფეხებზე ჰკიდიათ, მაშინ ეს პასუხიც, პასუხი იქნება. ჩვენ ვცდილობთ, ქვეყანა კრიზისიდან, სადაც „ოცნებამ“ შეიყვანა, როგორმე გამოვიყვანოთ ისეთი გზით, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ჩვენი დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა მინიმალურად დაზიანდეს და გადავარჩინოთ, ის, რაც დარჩა“, - განაცხადა გახარიამ.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...