ცესკოსგან მოვითხოვეთ „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის გადმოცემა, ყველა შეტანილი ცვლილებით - გახარია
დღევანდელ ბრიფინგზე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეს მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გამოითხოვეს კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის გადაცემა და ყველა იმ ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ამ კონტრაქტშია შეტანილი.
„სმარტმატიკი“ არის კომპანია, რომელიც საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საარჩევნო ადმინისტრაციას მოემსახურა.
„რატომ მივმართეთ ცესკოს „სმარტმატიკის“ კონტრაქტისთვის და კონტრაქტში შეტანილი ყველა ცვლილებებისთვის? იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია დღეს არსებობს და ჩვენ არ ვიცით, „სმარტმატიკთან“ კონტრაქტი როგორ არის გაფორმებული და როდემდე შეინახება ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ შეიძლება 1 კვირაში, 2 კვირაში, 10 დღეში ან 1 თვეში ეს ინფორმაცია მიუწვდომელი გახდეს ჩვენთვის“, – განმარტა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია ცესკოს ასევე სთხოვს, ამომრჩევლებისთვის ინდივიდუალურად ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:
- მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში;
- რომელ უბანზე მისცა ხმა;
- რომელ საათზე გააკეთა ეს.
„მოვითხოვეთ, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 076 791 ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს ეს მონაცემები”, – თქვა გიორგი გახარიამ.
გახარია ამბობს, რომ ეს არ არის ცესკოსთვის რთულად მოძიებადი ინფორმაცია, რომელსაც ბევრი დამუშავება სჭირდება.
„მეორე მხრივ, ამხელა დაძაბულობისა და პოლიტიკური წნეხის პირობებში, როდესაც ამხელა საერთაშორისო წნეხი არის ქვეყანაზე, როცა ქვეყანას ეკეტება ევროპული განვითარების გზა… სახელმწიფო თუ მართლა ამბობს, რომ არჩევნებზე მართლა არაფერი არ მომხდარა, ამ ინფორმაციის გასაჯაროება ერთხელ და სამუდამოდ დახურავს საკითხს იმასთან დაკავშირებით, მოხდა არჩევნების შედეგებით მანიპულირება თუ არ მოხდა“, – განაცხადა გახარიამ.
მოთხოვნა, რომ გასაჯაროვდეს ამომრჩეველთა ბაზები, „ძლიერმა საქართველომ” და „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამაც” გააკეთეს.
პარტიები ამ ინფორმაციაზე ამომრჩევლებისთვის ინდივიდუალურ წვდომას ითხოვენ, რათა შედარდეს არჩევნებზე მისული ადამიანების და არჩევნებზე დაფიქსირებული ხმების რაოდენობა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.