Jump to content
Planeta.Ge

ჰელსინკის კომისია: წარმოდგენილია ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას


აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს „ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას”.

განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგნენ.

„ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.

მესამე მხარისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ შეგროვებული დამოუკიდებელი მონაცემები მიუთითებს სისტემურ დარღვევებზე, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დღეს, რამაც გავლენა მოახდინა არჩევნების მთლიანობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია, ასევე, ის ხაზს უსვამს არჩევნებში ჩარევისა და საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტების ძირის გამოთხრის მცდელობებს რუსეთის მხრიდან.

როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ადგენენ გზას საარჩევნო პროცესისთვის, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგნენ და არსებითი ნაბიჯები გადადგან, რათა დაეხმარონ ქართველებს დაცვას საკუთარი დემოკრატია”, – წერია განცხადებაში.


26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან და კამერებს საარჩევნო უბნებზე, რაც მოქალაქეებს ხელს უშლიდა, ჰქონოდათ განცდა, რომ ხმის მიცემა ფარულია. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა”.

ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე აღრიცხეს ანალოგიური დარღვევები, ამასთან, მიუთითეს მარკირების წესების დარღვევებსა და ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევებზე.

4-მა ოპოზიციურმა პარტიამ: „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველოს” და „გახარია საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...