Jump to content
Planeta.Ge

ცაჰკნა: ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს


ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა არჩევნების შედეგებს ეხმაურება და წერს, რომ ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ „სერიოზულ შეშფოთებას” იწვევს.

„ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ სერიოზულ შეშფოთებებს იწვევს.

ყურადღებით ვაკვირდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს”, – წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99% – ცესკოს მიხედვით, „ქართულ ოცნებას” 54.2%-იანი მხარდაჭერა აქვს.

ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუშინ განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ „მოპარული, მიტაცებული” არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

განცხადებები გააკეთეს „კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლებმაც – მათ ისაუბრეს რამდენიმე სქემაზე, რომელსაც მათი თქმით, „ქართული ოცნება” არჩევნებამდე ახორციელებდა, რათა უბანზე ხმები „გაეოთხმაგებინა”.

როგორც კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი „სქემის” თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ, მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს მინიმუმ 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა.

რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინიც საუბრობენ „არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე” და მიუთითებენ, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციები მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...