Jump to content
Planeta.Ge

საია: ცესკომ განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა.

ორგანიზაციამ აღრიცხა მთელი რიგი დარღვევებისა, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. მათ შორის მარკირების წესების დაუცველობაა.

მარკირება არის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურა, რომელიც გულისხმობს თვალით უხილავი და ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე საარჩევნო უბანზე შესვლის დროს. მისი მიზანია, უზრუნველყოს, რომ ამომრჩეველმა ვერ შეძლოს თაღლითობა და ხმის ერთზე მეტჯერ მიცემა. 

საია აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა მარკირების წესების დაუცველობის დარღვევა, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით:

ამომრჩეველს არ უკეთებდნენ მარკირებას ან უსვამდნენ კითხვას, სურდა თუ არა მარკირების სითხის დასხმა. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში სპეციალური ფანარი მარკირებას არ აღიქვამდა და ამომრჩეველს აძლევდა საშუალებას, უბანზე სათანადო შემოწმების გარეშე შესულიყო. ამასთანავე, დაფიქსირდა ხმის მიცემის შემთხვევები იმ ამომრჩევლების მიერ, რომლებსაც მარკირების კვალი ემჩნეოდათ. აგრეთვე, გამოვლინდა ორმაგი ვერიფიკაციის, ასევე, ერთი და იმავე მოქალაქის მიერ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემის შემთხვევები.

საია-ს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა კითხვებს, რომლებიც ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებში ხმების დუბლირებასთან დაკავშრებით გაჩნდა.

კენჭისყრის დღეს გამოვლენილი ძირითადი დარღვევები და პროცესების სანდოობასთან დაკავშირებული ეჭვები დღის წესრიგში აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან განმარტების საჭიროებას – იმ პირობებში, როდესაც ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულია ამომრჩეველთა სრული სია, რა მექანიზმების გამოყენებით შეიძლება იმის დაზუსტებით თქმა, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება. ეს საკითხი განსაკუთრებით საჭიროებს განმარტებას იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მარკირების პროცედურებთან დაკავშირებული სერიოზული დარღვევები”. – განაცხადა საიამ. 

ხმების დუბლირებაზე განცხადება „კოალიციამ ცვლილებისთვის” განცხადება გვიან ღამით, მას შემდეგ გააკეთა, რაც ცესკომ არჩევნების შედეგები გამოაცხადა.

კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ თქვა, რომ „არჩევნების გამოყენებით გაყალბების ერთ-ერთი სქემის თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ, მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებითჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს მინიმუმ 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა”. 

„საშუალოდ 30-დან 50 ათასამდე ამომრჩეველს, „ქართული ოცნების” ამომრჩეველს, მინიმუმ, 4 უბანზე მისვლით შეეძლო გაეოთხმაგებინა, ანუ 200 ათასი ამომრჩევლის შედეგი დაეფიქსირებინა”. – თქვა თენგო  თევზაძემ.

ხოლო ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღევანდელ, 27 ოქტომბრის ბრიფინგზე მხოლოდ ის თქვა, რომ, ინფორმაცია, „თითქოსდა ერთიან სიებში დუბლირება იყო, უსაფუძვლოა”.

კალანდარიშვილის მტკიცებით, „ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს, რაც ამერიკულმა კომპანიამაც დაადასტურა”.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...