Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - ჩვენი შედეგი იქნება უმძიმესი სიურპრიზი “ქართული ოცნებისთვის” - მათი ისტერიკა და სახის სასოწარკვეთილი გამომეტყველებაც აქედან მომდინარეობს


საარჩევნო კამპანია ძალადობისგან სუფთა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტიისთვის და ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, გადაიქცა ყოველდღიურობად , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავარი პროცესები ფარდის უკან მიდიოდა, რომელსაც ახლდა ძალადობა, ზეწოლა, დაშინება და ა.შ.

“ერთი შეხედვით, წინასაარჩევნო გარემო ზედაპირულად იყო მშვიდი, ამაზე ხშირად საუბრობს დღევანდელი ხელისუფლება, თუმცა, მთავარი პროცესები მიდიოდა ფარდის უკან. ეს იყო ძალიან მძიმე პროცესები ადამიანის დაშინების, ზეწოლის, სამართალდამცავი ორგანოების ღამღამობით ოჯახიდან ოჯახში სიარულის და ა.შ.

ჩვენს შემთხვევაში ფიზიკური თავდასხმების მთელი რიგი შემთხვევები იყო. ეს საარჩევნო კამპანია ძალადობისგან სუფთა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტიისთვის და ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, გადაიქცა ყოველდღიურობად.

ჩვენ გარკვეული მანიპულაციების შედეგად, რაც კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა არ გვაქვს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, თუმცა, არსებობს კანონმდებლობა, სადაც თუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი კვლევებით გაქვს 4%-ზე მეტი მხარდაჭერა, ეროვნული მაუწყებლისგან ასეთი სტატუსი შეიძლება მიიღო. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს სტატუსი მოგვანიჭა, ერთ-ერთმა ეროვნულმა მაუწყებელმა დაიწყო კიდეც ჩვენი პოლიტიკური რეკლამის გაშვება და მაშინვე ჩაერია მარეგულირებელი კომისია, რომელმაც უხეშად აუკრძალა რეკლამის გაშვება. მივმართეთ სასამართლოს და სასამართლომ განხილვისთვისაც არ მიიღო ისეთი საქმე, რომელშიც ყველაფერი ზედაპირზე იყო. “ქართულმა ოცნებამ” მარეგულირებელი კომისიის საშუალებით უკანონოდ აგვიკრძალა იმ სარგებლის გამოყენება, რომელიც კანონით გვეკუთვნის.

ამის შემდეგ მივმართეთ “იმედს” და “რუსთავი 2”-ს, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მაინც გაეშვათ და ამაზეც გვითხრეს უარი. როგორ ფიქრობთ, ეს მედია გარემო თავისუფალია? ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დაჯდა ამ ტელევიზიის ეთერში და მე და ჩემი გუნდის წევრებს შურისძიებითა და გასამართლებით დაგვემუქრა”, - აღნიშნა გახარიამ.

ყოფილმა პრემიერმა ასევე ისაუბრა არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე და აღნიშნა, რომ მისი პარტიის შედეგი უმძიმესი სიურპრიზი იქნება “ქართული ოცნებისთვის”

“ჩვენი შეხვედრები და კამპანია არ იყო პომპეზური, მაგრამ იყო მასშტაბური. “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ, ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც გაშლილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმომადგენლები გვყავს ყველა საკრებულოში, გვაქვს ფრაქციები. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ცხოვრებას გვიადვილებს, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს “ქართულმა ოცნებამ”, როგორც არ უნდა დაგვემუქროს, როგორც არ უნდა შეგვიზღუდოს წვდომა ფინანსურ რესურსებზე, ჩვენ ჩვენს მიზანს მაინც მივაღწევთ. ჩვენი შედეგი იქნება უმძიმესი სიურპრიზი “ქართული ოცნებისთვის” იმიტომ, რომ “ოცნება” გადაინაცვლებს ოპოზიციაში და თან ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში - ეს არის ჩვენი მიზანი. ეს ისტერიკაც და სახის სასოწარკვეთილი გამომეტყველება მომდინარეობს აქედან - მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი მხარდაჭერა არის მზარდი”, - განაცხადა გახარიამ.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...