ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი შესაძლოა ხულოს გადაეცეს – სოფიო ხორგუანი
სამცხე–ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტი, საკრებულოს განხილვის გარეშე, უფლებას აძლევს საჯარო რეესტრს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ნაწილი აჭარის რეგიონს გადასცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის წარმომადგენელი ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს კითხვებით მიმართავს.
სოფიო ხორგუანის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 4 მაისის წერილით ადიგენის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა. სააგენტოს განცხადებით, დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების დადგენას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. საზღვრებთან დაკავშირებით ინფორმაციის არარსებობა კი აფერხებს მოქალაქეთა მომსახურებას ან/და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებას და წარმოშობს ბუნდოვანებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო განმარტავს, რომ საჭიროა ტერიტორიების განსაზღვრა.
საჯარო რეესტრმა აღნიშნულ მუნიციპალურ ორგანოებს სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია მიაწოდა, მათ შორის 1942–1992 წლებში შედგენილი რუკები, რომელიც გამოყენებული იქნებოდა საზღვრების დასადგენად.
წერილთან ერთად წარდგენილ დოკუმენტაციაზე, საჯარო რეესტრი მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს პოზიციის დასაბუთებულ დაფიქსირებას სთხოვდა, როგორც უარის, ისე თანხმობის შემთხვევაში. სააგენტო წერილში ასევე უთითებს, რომ თუ საკრებულო და მერია ერთი თვის ვადაში არ მიაწოდებდა მათ ინფორმაციას, საჯარო რეესტრი ავტომატურად ჩათვლიდა აღნიშნულს თანხმობად, რაც სოფიო ხორგუანის განცხადებით, სავარაუდოდ, სწორედ ასე მოხდა.
„საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით ჩანს, რომ საკრებულოს ამ თემაზე არ უმსჯელია. სხდომების დღის წესრიგები რომ ნახოთ, არსად ეს არ ჩანს. შესაბამისად, საჯარო რეესტრი ამას განიხილავდა როგორც თანხმობას. (ტერიტორიების) გადაცემის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. ეს ტერიტორია, პრაქტიკულად წითელ ხაზებშია მოქცეული და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უნდა გადაეცეს. საუბარია ტყის მასივებზე, ეს დასახლებული ტერიტორია არ არის, მაგრამ ტყის მასივებიც ისეთივე საერთო სიკეთეა, როგორც სხვა დანარჩენი. თუ მერმა, საკრებულოს თანხმობის გარეშე გააგზავნა თავისი პოზიცია– ეს უფლებამოსილების გადამეტებაა, მაგრამ ეს არ ვიცით. ფაქტი ის არის, რომ საკრებულომ ასეთი გულგრილი, მონური თუ მორჩილი დამოკიდებულებით, პრაქტიკულად საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე თქვა უარი. მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქის საერთო ქონების განკარგვაზეა პასუხისმგებელი“,–აცხადებს ის.
სოფიო ხორგუანისვე თქმით, იგი მიმართავს მუნიციპალიტეტის პირველ პირებს, რათა განუმარტონ მოქალაქეებს, რა ეტაპზეა პროცესი და რა გადაწყვეტილება (არ) მიიღეს მათ.
„მინდა მივმართო საკრებულოს თავმჯდომარეს, შმაგი ბიძიშვილს და მერს, გოჩა ქიმაძეს, აგვიხსნან მოქალაქეებს, ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს, რით იყო გამოწვეული მათი გადაწყვეტილება. როგორ აუხსნიან მოქალაქეებს მათ თანხმობას ცვლილებებზე. პრაქტიკულად, არც იმსჯელეს ისე დაეთანხმნენ რეესტრის გადაწყვეტილებას. იქნებ თქვენ მაინც ჩაგაბაროთ ანგარიში, მუნიციპალიტეტის, საკრებულოს წევრებმა და გითხრან თავიანთი პოზიცია, რატომ არ განიხილეს, რატომ არ იმსჯელეს და საერთოდ, ეს თემა რატომ არ გახდა განხილვის საგანი!“,–ამბობს ის.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენ ადიგენის მერს, გოჩა ქიმაძეს კითხვებით დავუკავშირდით. მერის თქმით, საკითხზე რაიმე კითხვებთან დაკავშირებით, სოფიო ხორგუანს ან მედიას, შეუძლია საჯარო ინფორმაცია გამოითხოვოს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, შმაგი ბიძიშვილის თქმით, ზოგადად, მუნიციპალიტეტებს შორის საზღვრების დადგენის პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, საკრებულოს არ უმსჯელია.
„რაც მე ვიმყოფები (საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე), ამაზე გადაწყვეტილება საერთოდ არ გვაქვს მიღებული. არც თანხმობა, არც უარი. კი, წერილი იყო, მაგრამ მანამდე შეკითხვა იყო გუბერნიიდან და მე უარი განვაცხადე. ეგ წერილი ჩემთვის უცნობი იყო სრულიად. წერილი არ წამიკითხავს, გვიან ვნახეთ, როდესაც დრო გასული იყო. არ ვიცი რატომ... მე ამაზე უარი განვაცხადე, რომ არ ვარ თანახმა იმიტომ, რომ რაღაცები ვიცოდი შორიდან, არაოფიციალურად. ხაზები ვნახეთ, რომ არასწორად არის, რომელსაც ალბათ გავასწორებთ“,–აცხადებს ის.
საჯარო რეესტრის რუკაზე, ადიგენის მუნიციპალიტეტსა და ხულოს მუნიციპალიტეტს შორის საზღვარი ამჟამად ასე გამოიყურება.
ჩვენ მას ვკითხეთ, ეთანხმებოდა თუა რა საჯარო რეესტრის მიერ მიწოდებულ რუკებს.
„ჩვენ 78 000 ჰა–ზე ასეც ვიმყოფებით და ისეც. მე ადრინდელი ვიცოდი, არაოფიციალური ინფორმაციით, რომ სატყეო მიმართულებით იყო რაღაც გარღვევა. აქედან გამომდინარე გავარკვიეთ, რომ რაღაც წითელი ხაზებია. მე კარგად ვერ ვერკვევი გეოდეზიურ რუკებში, მაგრამ აღნიშნულია ის ადგილები, რომელიც გადაცემული არ არის და არც გადაეცემა არასდროს. საზღვრები ბოლომდე არ არის დადგენილი. იცით როგორ ხდება ხოლმე, არის საძოვრები, სადაც (მაგალითად) ახალციხის საძოვრებში ვართ შესული... უნდა გავასწოროთ, მათი მათ ჰქონდეთ, ჩვენი ჩვენ, ამას ვიღვწვით. როდის დასრულდება საზღვრების დადგენის პროცესი, ამას ვერ დაგიზუსტებთ, დროს სჭირდება (პროცესს)“,–განმარტავს იგი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.