მაღალი პოლარიზაცია არათანასწორ გარემოში – საიას შეფასება წინასაარჩევნო გარემოზე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი წარიმართა მაღალი პოლარიზაციის ფონზე, არათანასწორ გარემოში. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებმა და გამოკვეთილმა უარყოფითმა ტენდენციებმა წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა.
რუსული სტილის კანონის მიღება და მისი თანმდევი მოვლენები
ანგარიშის თანახმად, არჩევნების წინა პერიოდი გამოწვევებით ხასიათდებოდა როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, ისე პოლიტიკური სპექტრისთვის.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“კანონის ხელახალმა ინიციირებამ და მისმა თანმდევმა პროცესებმა, ასევე, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის სისტემურმა მადისკრედიტირებელმა კამპანიამ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის რიტორიკამ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. “
ამავე ანგარიშის მიხედვით, “აქციების დროს დაფიქსირდა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევები; გამოვლინდა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატებოდა აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში, დაკავების დროს არასათანადო მოპყრობაში.
ზოგ შემთხვევაში, არაიდენტიფიცირებული მესამე პირები რუსული სტილის კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ ფიზიკურად ძალადობდნენ: აქციაზე სცემდნენ დემონსტრანტებს, სახლებთან ან ქუჩაში ხვდებოდნენ პროტესტის ორგანიზატორებს, მათი ოჯახის წევრებს და სასტიკად უსწორდებოდნენ. ძალადობის ეს ფორმა ჰგავს ე.წ. ტიტუშკების რეიდს (Titushky Raid). “
სხვა საკანონმდებლო ინიციატივები
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ან/და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აბსოლუტური უმრავლესობა კონსულტაციების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრებების უგულებელყოფით წარიმართა. ცვლილებები მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად და არ იყო მიმართული საკანონმდებლო ჩარჩოს რეალურად გაუმჯობესებისკენ.
გენდერული დისბალანსი პარტიულ სიებში
პარლამენტის მიერ 2024 წლის აპრილში ე.წ. „გენდერული კვოტების“ გაუქმებასთან ერთად, საიამ შეაფასა გენდერული ბალანსი არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო სიებში. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიათა სიებში რეგისტრირებული 1185 კანდიდატიდან მხოლოდ 29%-ია ქალი.
წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, სადაც ქალთა წილი 44,3%-ს შეადგენდა, ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის, თვალშისაცემი უკუსვლაა მმართველი პარტიის საარჩევნო სიაშიც. მაშინ, როდესაც 2020 წელს მათ საარჩევნო სიაში ქალთა რაოდენობა 24% იყო, წელს ეს რიცხვი 16%-ით განისაზღვრა (დაზუსტებისთვის, სიის 169 კანდიდატიდან მხოლოდ 28 მათგანია ქალი).
“მოცემული სტატისტიკა ნათლად მიუთითებს პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის კლების ტენდენციაზე”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებები
საიამ მისიის ფარგლებში შეაფასა ანტიკორუფციული ბიუროს 3 გადაწყვეტილება, რომლებმაც არსებითად უარყოფითი გავლენა მოახდინა საარჩევნო გარემოზე. განსაკუთრებით საგანგაშო იყო გადაწყვეტილება, რომლითაც ბიურომ კანონის არასწორი განმარტებით, თვითნებურად გაავრცელა „განცხადებული საარჩევნო მიზნის” მქონე სუბიექტის სტატუსი სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე.
“მისი მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება და დისკრედიტაცია. ანტიკორუფციულმა ბიურომ კანონის ამგვარი ინტერპრეტაციით შექმნა სახიფათო პრეცედენტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვის კუთხით. “
კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებები
საიამ ასევე უარყოფითად შეაფასა კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 4 გადაწყვეტილება. “ნიშანდობლივია, რომ კომისიის და შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ საქმეებზე საარჩევნო ნორმების არასწორ განმარტებებს ემყარებოდა, რაც მმართველ პარტიას, ყველა შემთხვევაში, სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა.
“ნორმების ამგვარი ინტერპრეტაცია ძირს უთხრის თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოს და აზიანებს პოლიტიკურ ძალებს შორის თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზანს”, – აღნიშნულია ანგარიშში.
სიძულვილის ენის გამოყენება და ძალადობის წაქეზება
2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და მასთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, იწვევს ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას, აქტივისტურ, შემოქმედებით, მეცნიერულ საქმიანობაზე ცენზურის დაწესებას, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წახალისებას. აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ასევე ინიციირებული აქვს მსგავსი შინაარსის საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი.
“მმართველი პარტია და მისი ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად იყენებენ სიძულვილის ენას, ავრცელებენ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნარატივებს, მათ შორის, პოლიტიკური რეკლამის მეშვეობით.
მაშინ, როდესაც ლგბტქი+ თემის წევრები ისედაც ხშირად განიცდიან ძალადობას როგორც ოჯახში, ისე ოჯახის გარეთ, ხოლო ტრანსგენდერი ადამიანები სიძულვილით მოტივირებული ძალადობის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან, ამგვარი დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივების შემოტანა და პოლიტიკოსების მხრიდან მცდარი, სიძულვილის შემცველი რიტორიკის გავრცელება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიისას, კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ლგბტქი+ თემის წევრებს.”
წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და ძალადობა
საიამ წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლა ძალადობის 6 შემთხვევა, ასევე, საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის – 5, სააგიტაციო მასალის დაზიანების – 3, პოლიტიკური ნიშნით სხვისი ნივთის დაზიანების – 2 და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავების 1 შემთხვევა. ამჟამად საია სწავლობს დამატებით 6 შემთხვევას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ 23 ოქტომბერს ორგანიზებულ ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენელზე თავდასხმის ერთ შემთხვევას.
“თითოეული მათგანი ინტენსივობითა და ხასიათით განსხვავებული იყო, თუმცა ისინი ნეგატიურად აისახებოდა წინასაარჩევნო გარემოზე. მათ შორის, ეს ინციდენტები მოიცავდა ფიზიკურ ძალადობას ოპოზიციურ კანდიდატებზე, მმართველი პარტიის წევრის მანქანის დაზიანებას, ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევას, სააგიტაციო მასალების ჩამოხევას/დაზიანებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტების ნაწილზე შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა გამოძიება ფორმალურად დაიწყეს, მათ სათანადო ღონისძიებები არ მოჰყოლია. ამგვარი ქმედებები ქმნის არასტაბილურ და დამაშინებელ პოლიტიკურ გარემოს, რაც, ფაქტობრივად, ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენს. ამასთანავე, საგამოძიებო ორგანოების არაეფექტიანი რეაგირება იწვევს ამ ორგანოებისადმი საზოგადოების ნდობის შემცირებას და სხვა შესაძლო სამართალდარღვევების წახალისებას. “
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სავარაუდო მოსყიდვა
ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია არაკეთილსინდისიერად იყენებდა ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ გავლენებს, რითაც ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდა მის ელექტორალურ კონკურენტებს. ეს გამოიხატებოდა როგორც ფინანსური, ისე ინსტიტუციური და სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების მავნე პრაქტიკაში, რა დროსაც იშლებოდა ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის.
” არსებული მანკიერი პრაქტიკა არა მხოლოდ აზიანებს თავისუფალ და თანასწორ საარჩევნო პროცესს, არამედ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნებაზე და უარყოფითად მოქმედებს საჯარო-საბიუჯეტო დაწესებულებების ფუნქციონირებაზე. აქვე აღსანიშნავია საიას მიერ შესწავლილი 5 შემთხვევა, რომლებიც არაუფლებამოსილი პირის მიერ უკანონო აგიტაციას შეეხებოდა. ამგვარი ფაქტები კიდევ უფრო მეტად შლის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის. მონიტორინგის ფარგლებში საიამ სავარაუდო მოსყიდვის 1 შემთხვევის იდენტიფიცირება მოახდინა, ხოლო 1 შესწავლის პროცესშია. “
პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
საიას სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოიკვეთა საბიუჯეტო დაწესებულებებიდან საჯარო მოხელეებისა და საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები. სადამკვირვებლო მისიამ შეისწავლა შესაძლო უკანონო გათავისუფლების ოთხი შემთხვევა. საია დამატებით სწავლობს კიდევ ორ საქმეს.
” არჩევნების პერიოდში საბიუჯეტო დაწესებულებებიდან კრიტიკული აზრის მქონე პირების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება აძლიერებს საჯარო სექტორის პოლიტიზების რისკებს და უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე.”
ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა
წინასაარჩევნო გარემოზე ასევე დამაზიანებლად იმოქმედა სხვადასხვა წყაროებით გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ მოქალაქეებს, სავარაუდოდ, საარჩევნო მიზნებისთვის ართმევდნენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია თითოეული მოქალაქის უფლება, ხმის ფარულობის პრინციპის დაცვით, თავისუფალ და თანასწორ პირობებში, საკუთარი შეხედულებების მიხედვით გამოხატონ თავიანთი პოზიცია არჩევნებზე.
საიას შეფასებით, საარჩევნო პერიოდში ამგვარი ქმედება, შესაძლოა, იყოს ამომრჩეველთა ნების გამოვლენის ხელშეშლა და მათზე ზეგავლენის მოხდენა. ასევე, ეს შეიძლება ემსახურებოდეს ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული შიშის გავრცელებას.
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა
საიამ უარყოფითად შეაფასა მოქალაქეთა რეალური საჭიროების გათვალისწინების გარეშე ქვეყნის საზღვრებს გარეთ არასაკმარისი საარჩევნო უბნების გახსნა მაშინ, როდესაც არსებული საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის შესაძლებლობას.
საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა
სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საია აწარმოებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ წერილებზე საჯარო უწყებების რეაგირების მონიტორინგს. მისიის განმავლობაში ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით სხვადასხვა საჯარო უწყებას მიმართა 158-ჯერ. 48 შემთხვევაში ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია, ხოლო 23 წერილზე პასუხი არასრულყოფილი იყო. საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა აფერხებს საიას სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის პროცესს.
საარჩევნო დარღვევებზე რეაგირება
საიამ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ცესკოსა და ლანჩხუთის, თელავის, ბაღდათის, გორის, გარდაბნის, ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიებში 7 საჩივარი შეიტანა. აქედან ხუთი, წინასაარჩევნო აგიტაციის მოთხოვნათა დარღვევისა და საჯარო რესურსის გამოყენების თაობაზე, განხილვის პროცესშია. ხოლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივარი ლანჩხუთისა და თელავის საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს. ორივე განხილულ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა საჩივრები ზეპირი სხდომის, განმცხადებლების მოსმენისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე განიხილეს და გადაწყვეტილებები მიიღეს.
ამასთანავე, საარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სხვადასხვა ფაქტზე, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ორგანიზაციამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებების რეაგირების თაობაზე ინფორმაცია საიასთვის უცნობია.
საია აგრძელებს პროცესებზე დაკვირვებას და საარჩევნო დარღვევების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.