პრეზიდენტი დღეს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე - ეს მხოლოდ იმისთვისაა, რომ ხალხი შეშინდეს - ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა არჩევნებამდე
ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა არჩევნებამდე, რასაც მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში საგამოძიებო მოქმედებების და ჩხრეკის ჩატარებას ეხებოდა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი ფსიქოლოგიური მანიპულაციების მიზანია, რომ ხალხი შეშინდეს და არჩევნებზე არ წავიდეს.
„ვიცით, რომ ეს ხდება, ვიცით, რომ ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ. ეს მხოლოდ ამისთვისაა, რომ ხალხი შეშინდეს, ვიღაც არ წავიდეს არჩევნებზე, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ურნაში ჩაყრის, როგორც თვითონ ფიქრობს. ეს ყველაფერი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც მე მგონი, საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ძალიან გამოცდილია ამ ყველაფერში, არ მუშაობს, აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს.
გადასვლა ახალ ეტაპზე,, კოალიციურ მთავრობაზე, პროევროპულ მთავრობაზე - მომავალში ჩვენი ახალი პოლიტიკური რეალობა სწორედ ის უნდა იყოს, რომ აღარ იყოს საარჩევნო ინტიმიდაციები, ზეწოლა და საარჩევნოდ ადამიანების ამ ფორმით გამოყვანა მიტინგებზე, ძალით, ხვეწნით, ფულით თუ რაც იქნება, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩაბარდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მოსახლეობა არ დაშინდება.
„მე არ ვიცი მმართველი პარტიის გეგმებში რა არის, ეს არის დაშინება. ერთ-ერთი ასეთი ჩხრეკა ეხება „ტვიტერზე“ და ინტერნეტში ძალიან აქტიური პოზიციის მქონე ახალგაზრდა ქალბატონს. ეს არის მცდელობა, რომ დაშინება მოხდეს საქართველოს მოსახლეობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დაშინებას წინ არ დაუდგება მოსახლეობა და დაშინდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე პირის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ერთ-ერთი პირი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილია, რომელმაც მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მისვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.
ასევე, თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, 3 სართულზე მიმდინარეობდა ჩხრეკა. ასევე პოლიციამ ჩხრეკა დაასრულა Atlantic Council-ის ოფისში. პარტია „ფედერალისტების“ წევრის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლსა და მისი მეუღლის ოფისში Atlantic Council, სავარაუდოდ, უკავშირდება ამავე კომპანიის საქმიანობა.
მოგვიანებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრელა ინფორმაცია, რომ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. „ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.