გახარია: შეუძლებელია ჩვენი პოლიტიკური კოალიცია „ოცნებასთან"
„შეუძლებელია ჩვენი პოლიტიკური კოალიცია „ოცნებასთან“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ფორმულას“ ეთერში. მისი თქმით, ისინი კოალიციას არც „ნაციონალურ მოძრაობასთან” განიხილავენ, სწორედ ამ მიზნით მოაწერეს ხელი პრეზიდენტის ინიციატივას ტექნიკურ მთავრობაზე.
„როგორც კი ამ პარლამენტში მოვხვდებით, ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ხაზი – შეუძლებელია ჩვენი პოლიტიკური კოალიცია „ოცნებასთან”, იმიტომ, რომ „ოცნებამ” ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უბრალოდ შეცვალა, გაურკვეველი მოტივებით, მიზეზებით და რაღაც მავნებლობა ჩაიდინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ევროპასთან მოლაპარაკების რესურსი გვაქვს შემდეგი ერთი წელი, წელიწად-ნახევარი.
მეორე მხრივ, ჩვენ გვყავს „ნაციონალური მოძრაობა“… ჩემთვის და ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ეს განა რაღაც კაპრიზია, ეს მსოფლმხედველობითი არჩევანია. ეს არჩევანი მდგომარეობს შემდეგში, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ან მათთან ერთად ნებისმიერი ფორმით მთავრობაში ჩვენ არ ვიქნებით… ამიტომ მივედით და ყველაზე ბოლოებმა მოვაწერეთ ხელი [პრეზიდენტის ქარტიას]. მივხვდით, რომ დიდი ალბათობით, პარლამენტში გასვლის შემდეგ „ლელო“ დინებით წავა იქით მხარეს და ერთადერთი გამოსავალი ჩვენთვის იყო პრეზიდენტის ტექნიკური მთავრობა“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, თუ მათი ხმები იქნება გადამწყვეტი, დააყენებენ საკუთარ წინადადებას და პირობებს:
„ჩვენი კომპრომისი იქნება ის, რომ ჩვენი წინადადებებიც არ იქნება პარტიულად ანგაჟირებული მთავრობა… მთავარია, რომ ესენი არ იყვნენ პოლიტიკური ფიგურები, მაგრამ სხვადასხვა ადმინისტრაციის ტექნიკური საჯარო მოხელეები და ბიუროკრატია – რა პრობლემაა.
მაგალითად, ჩვენ გუნდში გვყავს „ოცნების“ დროინდელი ძალიან მაგარი საჯარო მოხელეები, კეთილსინდისიერი მაღალი დონის პროფესიონალები, ასევე გვყავს ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ადმინისტრაციაშიც [მუშაობდნენ], მაგრამ ეს ხალხი იყო ბიუროკრატია, ესენი იყვნენ ტექნიკური სპეციალისტები, ესენი არ ყოფილან პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები“, – განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, მისი პარტიისთვის მთელ ამ პროცესში არსებობს ჩამკეტი საკითხი, როგორიცაა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი და რომ სწორედ ეს ფაქტორია განმსაზღვრელი, რის გამოც უჭერს მხარს ტექნიკური მთავრობის იდეას.
„ამ ჩამკეტ ფაქტორებს განსაზღვრავს რა – შემდეგი წელიწად-ნახევარი, როდესაც ქვეყანას აქვს რესურსი, დაეწიოს მოლდოვას მოლაპარაკების გახსნის პროცესში ევროკავშირთან. ეს რომ არ გვაწვებოდეს ჩვენ, მერწმუნეთ, ყველანაირ ტექნიკურ მთავრობაზე, ან პრეზიდენტის ინიციატივას საერთოდ არანაირ ყურადღებას არ მივაქცევდი.
ხახუნი და დიდი ჭიდაობა რომ დაიწყებოდა პარტიებს შორის – ეს ის არის, რაც მაინც უნდა გავიაროთ. ტექნიკური მთავრობა კი ახლა ფაქტობრივად არის ამ სახადის გადავადება, რომლის მოხდა მაინც მოგვიწევს. უბრალოდ ამას გადავავადებთ ერთადერთი მიზეზის გამო, რათა არ გაგვექცეს ევროკავშირში მიმავალი ლოკომოტივი“, – თქვა გახარიამ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.