Jump to content
Planeta.Ge

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს


ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთონ საფრანგეთმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაკრონმა უპასუხა, რომ ეს “ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა რთული კითხვაა”.

“ჩვენ უკრაინაში არ ვომობთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ვატარებთ. თუმცა ამ ომში არ ვმონაწილეობთ, ამიტომ ჩვენს შესაძლებლობებში არაა მისი გაჩერება, ვინაიდან, ჩვენ ამ კონფლიქტის მხარე არ ვართ”, - აღნიშნა მაკრონმა.

მისი აზრით, მიზანი - ომის შეწყვეტა - გულისხმობს, რომ ადგილზე პირობები ისე აეწყოს, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას ჩათვალოს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების მომენტი დადგა.

“რატომ ვამბობ ასე? ვინაიდან მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვინაიდან ის საკუთარ ტერიტორიულ სუვერენიტეტსა და საზღვრებს იცავს. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის სახელით ვილაპარაკოთ, რომ ესა თუ ის მომენტი მისაღებია თუ არა”, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ უმთავრესია “კავშირები არ გაიწყვიტოს” და დაასახელა სამი პუნქტი, რომელიც უნდა დაიცვან.

"პირველი პუნქტი - უკრაინის წინააღმდეგობისა და სამხედრო ძალისხმევების მხარდაჭერის გაგრძელება და სანქციების გაგრძელება. მეორე პუნქტი - გავარგძელოთ საუბარი უკრაინის ხელისუფლებასთანაც და რუსეთის ხელისუფლებასთანაც, რადგან რაღაც მომენტში ჩვენ მოგვიწევს დავუბრუნდეთ მაგიდას. მესამე პუნქტი - ვეცადოთ თვალი ვადევნოთ მომენტს, რომელიც მისაღები იქნება, რომ მაგიდას დავუბრუნდეთ და დისკუსია განვაახლოთ”, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...