თოლორაია: პირადობების ჩამორთმევას შეუძლებელია ჰქონდეს კეთილშობილური მიზნები
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა” წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ დარღვევებზე საუბრობს და შესაბამის უწყებებს გავრცელებული ცნობების გამოძიებისკენ მოუწოდებს.
როგორც ბრიფინგზე ლონდა თოლორაიამ განაცხადა, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არსებული ინფორმაცია აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ მისი მიზანი სხვა პირების მიერ არჩევნებში მონაწილეობის გზით არჩევნების გაყალბებაა.
„პრობლემად იკვეთება ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. ასეთი ფაქტების შესახებ ჩვენს კოალიციასაც მომართა ათობით მოქალაქემ. ამ შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ინფორმაცია პირადობის მოწმობების მუქარით, შანტაჟით ჩამორთმევისა და ამ პროცესში სამართალდამცავი ორგანოებისა და ასევე, სხვა საჯარო უწყებების ჩართულობის შესახებ, პასუხისმგებელი საგამოძიებო უწყებები არ აკეთებენ არავითარ განცხადებას ამ ფაქტებზე განხორციელებული რეაგირების შესახებ.
წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევას შეუძლებელია ჰქონდეს კეთილშობილური მიზნები. გავრცელებული ინფორმაცია აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევის მიზანი არის არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა და ამომრჩევლის მოსყიდვისა და ჩამორთმეული პირადობის მოწმობების გამოყენებით სხვა პირების მიერ არჩევნებში მონაწილეობის გზით არჩევნების გაყალბება.
ყველა ეს დანაშაული, რაც ჩამოვთვალე, გახლავთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. მოვუწოდებთ ორივე უწყებას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და ჩატარებული გამოძიების შესახებ აცნობონ საზოგადოებას”, – აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.
ამასთან, ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ პრობლემად იკვეთება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვების და გამოყენების ფაქტები. ის ამბობს, რომ მმართველი პარტიის ხელში ხვდება პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ფლობენ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო უწყებები.
„როგორც ჩანს, ამომრჩეველთა მონაცემები სახელმწიფო უწყებების მიერ გადაეცემა მმართველ პარტიას, რათა მმართველ პარტიას გაუმარტივდეს ამომრჩევლების მართვა”.
ის მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, მედიის, ასევე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების, ხელყოფის არაერთი ფაქტის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ განმარტება რეაგირების, ჩატარებული შემოწმების და გამოძიების შესახებ.
ლონდა თოლორაიამ აღნიშნა ისიც, რომ აქტიურად მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, მათ შორის საჯარო სამსახურებში, თითქოს ელექტრონული საშუალებებით ხმის მიცემა ფარული არ არის – მისი თქმით, ეს სიცრუეა და მსგავსი სიცრუის ტირაჟირება შედის მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებში და არავითარი კავშირი რეალობასთან არ აქვს.
„განვმარტავთ, რომ ხმის მთვლელი და ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები ერთმანეთთან დაკავშირებული არა რის და ელექტრონულად ხმის მიცემის არსებული პროცედურა აბსოლუტურად უზრუნველყოფს ხმის ფარულობას”, – განაცხადა მან.
რაც შეეხება სადამკვირვებლო მისია ,,ჩემი ხმის“ სადამკვირვებლო საქმიანობას, ჯამში დამკვირვებლად რეგისტრაცია 4200 მოქალაქემ გაიარა და შერჩევის შედეგად არჩევნებს 2 000 ათასამდე დამკვირვებელი დააკვირდება.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.