“ჩვენ ერთად შევალთ EU-ში” – ზურაბიშვილის მიმართვა ზელენსკისა და სანდუს
“ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მაია სანდუს.
ზურაბიშვილი შეუერთდა აქციას “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”. თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას მან მიმართა შეკრებილ მოქალაქეებს და უთხრა, რომ საქართველო აუცილებლად შევა ევროკავშირში. მან მიმართა როგორც მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს, ისე ქვეყნის პარტნიორებს ევროკავშირსა და აშშ-ში.
“მე მინდა აქედან მივმართო მაია სანდუს: მაია, იმედი მაქვს დღეს იქნება შენი გამარჯვების დღე და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში. მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში.
მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს. ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ როცა შევალთ ევროპაში, ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ. და შევალთ ევროპაში. არ მინდა ამ დღეებში თქვენგან გავიგო რამე “თუ”, ან “რომ”. ყველაფერი ნათელია. აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აქციას – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა. მოქალაქეები თბილისის 5 სხვადასხვა ადგილიდან მარშით გაემართნენ თავისუფლების მოედნისკენ, რათა 26 ოქტომბრის არჩევნემადე კიდევ ერთხელ დაეჭირათ მხარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
პარალელურად, დღეს, 20 ოქტომბერს მოლდოვაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი. რეფერენდუმზე მოქალაქეებს უნდა გადაეწყვიტათ, განესაზღვრათ თუ არა კონსტიტუციით მოლდოვის საგარეო პოლიტიკური კურსის მიზნად ევროკავშრის წევრობა. მოქმედი პრეზიდენტის, პროევროპელი მაია სანდუს კონკურენტებს შორის არიან პრორუსი კანდიდატებიც.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.