აფხაზეთი ე.წ. საზღვარს 23-30 ოქტომბრისთვის ჩაკეტავს – სოხუმი
“აფსნიპრესის” ინფორმაციით, სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენების შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებმა განიხილეს აფხაზეთის [დე ფაქტო] “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადება, 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დროებით შეაჩერონ მოქალაქეთა გადასვლა აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე”. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს “რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციების მცდელობებით”.
ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებმა მოიწონეს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადება ენგურის საგუშაგოზე გადასვლის შეჩერების შესახებ, თუმცა დაწესდა გარკვეული გამონაკლისები: “უკან დაბრუნება შეეძლებათ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებიც ადრე ლეგალურად გადავიდნენ საქართველოში. ასევე, მოიაზრება ენერგეტიკული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება (“ჩერნომორენერგოს” მეშვეობით)”.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს დაავალა მუშაობის გაძლიერება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს.
ოსური მედიის ცნობით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სამხრეთ ოსეთი [დე ფაქტო] ე.წ. საზღვრებს დაკეტავს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ხუთშაბათს ცხინვალში, რესპუბლიკის [დე ფაქტო] ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაზე, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი თავმჯდომარეობდა.
“სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოქტომბერში “რაზდახანსა” და “პერევში” სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტების ფუნქციონირების გამარტივებული წესით შეჩერების შესახებ”, – იტყობინება დე ფაქტო რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახური.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.