ნათია მეზვრიშვილი - მიმდინარე წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა არაერთხელ იყო - კობახიძეს არჩევნების გაყალბება ჩააბარეს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მხრიდან არაერთხელ იყო ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა იყო მთავრობის დაპირებები, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყებოდა, მასწავლებლებისთვის ანაზღაურება გაიზრდებოდა, ბილეთების სუბსიდირება მოხდებოდა და ა.შ.
„მინდა გაგაცნოთ ჩვენი საარჩევნო გუნდის მუშაობის შედეგი, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წლის განმავლობაში ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობებს. ის სიკეთეები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ისედაც ეკუთვნით, ბიუჯეტის ფული, რომელიც არის თქვენი და ისედაც თქვენი კეთილდღეობისთვის უნდა იხარჯებოდეს. რეალურად, ამას მთელი წლის განმავლობაში გამადლიდნენ და ამაში ხელისუფლება ხმებს გთხოვთ. მინდა გაგაცნოთ ის ინიციატივები, რომელსაც კობახიძე მთავრობის სხდომებზე აჟღერებდა. არ გასულა არცერთი მთავრობის სხდომა, როცა მან არ გააჟღერა ამომრჩევლის მოსყიდვისკენ მიმართული ინიციატივა. კობახიძეს არჩევნების გაყალბება ჩააბარეს, ამიტომ დანიშნეს ის შტაბის უფროსად. 20 მარტს მან დააანონსა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც პირდაპირ ემთხვევა არჩევნების წინა პერიოდს. 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს ეხება. ეს ზუსტად იმ პერიოდში მოხდა, როდესაც მარტის აქციების დროს სტუდენტები პროტესტში მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს, კობახიძეს მათი გულის მოგება ჰქონდა მიზნად“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა იმაზე, რომ მთავრობა ყველა მეწარმეს საგადასახადო ამნისტიას დაჰპირდა, რაც მეზვრიშვილის შეფასებით, არჩევნებთან პირდაპირ იყო დაკავშირებული.
„3 ივნისს დააანონსა კობახიძემ „კოვიდის“ დროს დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერა. ესეც პირდაპირ არჩევნებისკენ იყო მიმართული და მიზანი ამომრჩევლის მოსყიდვა იყო. 2021 წლის არჩევნების წინაც ანალოგიური ამნისტია იყო“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მან ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მივიდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ეს გახლავთ ერთადერთი გზა, რომ „ოცნებამ“ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს. დაბალი აქტივობა ხელისუფლების ინტერესებში შედის. ამიტომ, მოგიწოდებთ, არჩევნებზე მიხვიდეთ, ვერავინ თქვენს ხმას ვერ აკონტროლებს“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.