ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ხელოვნურად აფერხებს ხორბლით დატვირთული 150 გემის გასვლას უკრაინის ნავსადგურებიდან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შეგნებულად აფერხებს გემების გასვლას უკრაინის ნავსადგურებიდან და ხელოვნურად შექმნა 150 გემისგან შემდგარი რიგი.
ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, თავის საღამოს მიმართვაში ისაუბრა. ამ კვირაში ვითარება სულ უფრო იძაბება საექსპორტო მარცვლეულის გატანის შეფერხების გამო, თქვა ზელენსკიმ.
„მტერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს ჩვენი სურსათის ექსპორტი. ვთვლი, რომ ამ მოქმედებებით რუსეთი სრულიად შეგნებულად ამწვავებს სასურსათო კრიზისს, რათა ის ისეთივე მწვავე გახდეს, როგორიც ამ წლის პირველ ნახევარში იყო“.
ზელენსკიმ დაასახელა რამდენიმე სახელმწიფო, რომლებისთვისაც ფერხდება სურსათის მიწოდება, ესენია: ეგვიპტე, ტუნისი, ალჟირი, მაროკო, ლიბანი, ერაყი, ჩინეთი, ბანგლადეში და ინდონეზია.
"ჩვენი პარტნიორები - გაერო, თურქეთი და სხვები, სრულად ინფორმირებული არიან ამ ვითარების შესახებ", - თქვა მან. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მარცვლეულის ინიციატივის მოქმედების განმავლობაში, რუსეთის მხრიდან გამოწვეული შეფერხების გამო უკრაინამ ვერ მოახერხა სამ მილიონამდე ტონა სურსათის ექსპორტის ბოლომდე განხორციელება, ამდენს მოიხმარს წლიურად 10 მილიონი ადამიანი.
"რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სულ მცირე, ასობით ათასი ასეთი ადამიანი გახდეს იძულებითი მიგრანტი, რომლებიც თავშესაფრის მაძიებელნი იქნებიან იმავე თურქეთში ან ევროპის კავშირის ქვეყნებში, ან შიმშილით დაიხოცებიან. ჩვენ კი პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მარცვლეულის ინიციატივა არა მხოლოდ შენარჩუნებული იქნას, არამედ მოქმედებდეს კიდეც 100 პროცენტიანი სიმძლავრით", - აღნიშნა ზელენსკიმ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.