„პირადი ნივთის წამოსაღებად იყო“ — როგორ აღმოჩნდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამგეობაში
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარინა ნათენაძე იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველთა სიებს ადგენდნენ.
გუშინ, 15 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი გურიანთაში, მივიდნენ ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც, მათი ინფორმაციით, მერის წარმომადგენელი, მაჟორიტარი დეპუტატები, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები იყვნენ შეკრებილები, მაგიდაზე ეწყოთ სიები და ხმების მობილიზებაზე მსჯელობდნენ.
ენმ-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ — ნინო მახარაძე და ლევან კილაძე, ასევე, გურიანთის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარინა ნათენაძე. ის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით არის არჩეული. მარინა ნათენაძე, სხვებთან ერთად მაგიდას უზის, კამერის დანახვის შემდეგ დგება და კადრიდან გადის. საკრებულოს დეპუტატი ნინო მახარაძე კი ფურცლების ალაგებას იწყებს. ოპოზიციის გამოჩენას ადგილზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„ქართულ ოცნებას“ ეს ადმინისტრაციული შენობა გადაქცეული აქვს საკუთარ შტაბად. გვაქვს უამრავი მტკიცებულება — საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც აქ აქვთ დალაგებული და სპეციალურ სიებზე დადიოდნენ და სხვათა შორის, შემდეგ მოქალაქეებზე და ამომრჩევლებზე უნდა იძალადონ. მოვედით და არც მეტი, არც ნაკლები თავს დაგვესხნენ და ამ თავდასხმის მტკიცებულებებიც გაგვაჩნია. ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, — განაცხადა დავით მჟავანაძემ.
მომხდართან დაკავშირებით დავით მჟავანაძე და თათია ნიკოლაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მათ უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადეს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები „ტვ პირველთან“ ამბობენ, რომ არანაირ სიებს არ ადგენდნენ, მოქალაქეებს ხვდებოდნენ და პარტიის საარჩევნო ბუკლეტებიც მოქალაქეებმა შემოიტანეს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარინა ნათენაძე კი ადგილზე „პირადი ნივთის“ წამოსაღებად იმყოფებოდა. ამ ვერსიას იმეორებს „ნეტგაზეთთან“ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძეც:
„მარინა ნათენაძე არ არის ცესკოს მიერ დანიშნული — ოლქის მიერ არჩეული კომისიის წევრია, სერტიფიცირებული გახლავთ და საკმაოდ კვალიფიციური კადრია. თავის საქმიანობას ასრულებს ზედმიწევნით კარგად, კანონის შესაბამისად. ზოგადად, ის არის მერის წარმომადგენლის თანაშემწე. იმ შენობაში მუშაობს ყოველდღიურად, უბრალოდ ახლა იმყოფება შვებულებაში და ასრულებს საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. იმ შენობაში მიბრძანდა პირადი ნივთის ასაღებად. არ იცოდა, შეხვედრა იმართებოდა თუ რა ხდებოდა, 2-3 წუთი დაყო და დაბრუნდა ისევ საარჩევნო კომისიაში“.
მარინა ნათენაძის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება არ დაწყებულა — „დისციპლინური სამართალწარმოების მზაობა სულ გვექნება, თუ დადასტურდება [დარღვევა], მაგრამ კანონი არ ზღუდავს, რომ მიბრძანდეს და აიღოს პირადი ნივთი… თუ იჯდა [მაგიდასთან], მაგაშიც პრობლემას ვერ ვხედავ“, — ამბობს ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.