განცდა დაგვრჩა, რომ პროცესების არჩევნებს იქით გადაგორებას ცდილობენ – შუქრუთელები
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკების პროცესში შეხვედრის შემდეგ, შუქრუთელი გიორგი ნეფარიძის განცხადებით, განცდა დარჩა, რომ ეს ყველაფერი პროცესების არჩევნებს იქით გადაგორებას ემსახურება.
შუქრუთელებს, „ჯორჯიან მანგანეზსა“ და სახელმწიფოს შორის შეხვედრა დღეს, 16 ოქტომბერს, გაიმართა.
ამის შესახებ მან „მაუწყებელთან“ ისაუბრა.
„ამ შეხვედრაზე ერთადერთი დადებითი, რაც ამ შეხვედრაზე შემიძლია აღვნიშნო, სახელმწიფო წარმომადგენლის ჩართვაა ამ პროცესებში. ამ ორი შეხვედრიდან სხვა დადებითი და სასიკეთო აბსოლუტურად არაფერი არ მომხდარა. დღევანდელი შეხვედრიდან დაგვრჩა განცდა, რომ კომპანია სახელმწიფოსთან ერთად ცდილობს, რომ როგორღაც ეს პროცესები არჩევნებს გადააცილოს და არჩევნები გადააგოროს.
დღეს საუბარი იყო, რომ თითქოს რაღაც პროცესები უნდა დაიწყოს 2025 წლიდან. ეს ყველაფერი გვიჩენს განცდას, რომ დროის მოგებას და ამ პროცესების არჩევნებს იქით გადაგორებას ემსახურება. რეალურად კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან ჩვენ ვერანაირი ქმედითი ნაბიჯი ვერ დავინახეთ, რომ ეს პროცესები როგორღაც მოგვარებისკენ და სამართლიანი ხელშეკრულების გაფორმებისკენ წავიდეს“, – განაცხადა გიორგი ნეფარიძემ.
როგორც გიორგი ნეფარიძე ამბობს, თუ კომპანია ქმედითი ნაბიჯებს არ გადადგამს, შუქრუთელები ისევ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ.
„ჩვენ დაველოდებით კიდე რამდენიმე შეხვედრას ამ სამმხრივ ფორმატში და შევხედავთ რა რეალური ქმედითი ნაბიჯები იქნება გადმოდგმული როგორც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რომ თუ ეს პროცესები ჩიხში შევიდა, ჩავანაცვლოთ მოშიმშილე ადამიანები ახალმა ადამიანებმა და მივმართოთ ისევ პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას, ამოვიკეროთ პირი. ოღონდ უფრო მკაცრ ფორმაზეა ამ შემთხვევაში საუბარი – მშრალ შიმშილობაზე“, – განაცხადა გიორგი ნეფარიძემ.
გიორგი ნეფარიძის თქმით, ძალაშია ხვალ, 17 ოქტომბერს, პარლამენტთან 20:00 საათზე დაგეგმილი სოფელ შუქრუთის სოლიდარობის აქცია.
შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.
11 სექტემბრიდან ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი დედაქალაქში ჩამოვიდა. პროტესტის თბილისში გადმოტანას წინ უძღოდა 6-თვიანი უწყვეტი პროტესტი ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
1 სექტემბერს შუქრუთელთა პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა პირი ამოიკერა და შიმშილობა დაიწყო. მათი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი პროცესში ჩართვა იყო. პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენელი, „ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი მათთან შიმშილობის 43-ე დღეს მივიდა და შუამავლობა შესთავაზა, რის შემდეგაც პარლამენტის შენობის წინ შუქრუთელების შიმშილობა შეწყდა.
პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. 2020 წელს, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ირწმუნება, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული. ადგილობრივების თქმით კი, კომპენსაცია მოსახლეობის მაქსიმუმ 5%-ს აქვს მიღებული.
წაიკითხეთ ამ თემაზე:
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.