Jump to content
Planeta.Ge

ასპინძაში მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველებს სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან – ხორგუანი


დეპუტატობის კანდიდატის და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ააიპ–ებში დასაქმებულ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებს, მერის წარმომადგენლები ემუქრებიან. მისი განმარტებით, დასაქმებულებს კონკრეტული პირები, მუნიციპალიტეტის მერის სახელით ეუბნებიან, რომ თუ მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ გააკეთებენ არჩევანს, სამსახურების დატოვება მოუწევთ. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ მაგრაქველიძის განმარტებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„კონკრეტულად მინდა გითხრათ, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლები დადიან და აშინებენ ადამიანებს, რომლებიც სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამით 300–ლარიან ხელფასებს იღებენ. ეუბნებიან, რომ დაკარგავენ სამსახურს იმ შემთხვეევაში, თუ ისინი და მათი ოჯახის წევრები „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ ხმას“,- განაცხადა ბრიფინგზე  სოფიო ხორგუანმა.

იგი მიმართავს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს, როსტომ მაგრაქველიძეს „აღკვეთოს უკანონო თავნებობა“.

 „თუ არ უნდა რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, აღკვეთოს ეს უკანონო თავნებობა. თუ ერთი სოციალურად დაუცველი მაინც დაკარგავს სამსახურს, ეს იქნება პოლიტიკური ზეწოლის პირდაპირი მტკიცებულება“,- თქვა მან.

როსტომ მაგრაქველიძე უარყოფს აღნიშნულ ფაქტს და ხორგუანის განცხადებას სპეკულაციას უწოდებს.

„ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია და 100%-იანი ტყუილი. ამას სჭირდება დამტკიცება,  თუ იქნება ფაქტი, შემდეგ მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას და აუცილებლად მივიღებთ შეესაბამის ზომებსაცს.  მობრძანდნენ და მოიტანონ ფაქტები. გახარიას წარმომადგენელმა ძალიან ბერი რამ გააკეთა, პარლამენტში გამოიყვანეს  თავიანთი წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი და ალაპარაკეს ტყუილები. არც ეს არ მიკვრის, რომ ახლა თქვენთან მოდიან და იტყუებიან“,-  ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ როსტომ მაგრაქველიძე.

სოფიო ხორგუანმა ბრიფინგის დროს ასევე მიმართა „ქართული ოცნების“ თავჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და პარტიის საბატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართა:

"თუ ჩვენ ვართ „განსაკუთრებით საშიში სუბიექტები“ და აგენტები, თავად რა სახელი ჰქვია მას, ყველაზე გაჭირვებულების დაშინებით, ძალაუფლების შენარჩუნების მსურველს?

ეს არის ის გაბრწყინებული და საოცნებო საქართველო, რომელსაც გვთავაზობს მმართველობის 12 წლის თავზე?! როცა საბავშვო ბაღის დამლაგებელს 300–ლარიანი სამსახურის წართმევით ემუქრებიან?!“,- განაცხადა ხორგუანმა.

სოფიო ხორგუანი ხვალ, 15 ოქტომბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ მაგრაქველიძესთან შეხვედრას გეგმავს.

 

ტეგები:
 
post_1667879583_1056.jpeg
ნუკა სტეფნაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...