„გორბის“ კვლევები დიდ თეთრ მაგიდასთან იწერება – გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მიანიშნებს, რომ „გორბის“ კვლევებში პარტიების რეიტინგები სინამდვილეში „ქართული ოცნების“ სურვილისამებრ იწერება.
ამის შესახებ მან „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„გინდათ, მოგიყვეთ, „გორბის“ სანდოობის ხარისხი როგორია? „გორბის“ კვლევები დიდ თეთრ მაგიდასთან იწერება. ასეთი მრგვალი მაგიდაა იქაც, ცოტა უფრო დიდი და თეთრი. დიახ [ასე პირდაპირ ხელით, სურვილისამებრ], „აი, ამას მიუმატე ამდენი, ამას მოაკელი ამდენი“ – ასე იწერება. სხვა კი არაფერია. მთავარი მიზანი რა არის? – მთავარი არის, რომ ამ კვლევებით ზემოქმედება მოახდინო ამომრჩევლების განწყობაზე. 2020-ში მცდელობა რომ იყო, ვეუბნებოდი, აბა, ახლა გაიქეცით აქედან, წადით-მეთქი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
“ფორმულას” ეთერში გახარიას ჰკითხეს, ენდობოდა თუ არა “გორბის” კვლევებს მაშინ, როცა თავად იყო “ქართული ოცნების” ხელსიუფლებაში.
“გორბის” კვლევები ყოველთვის იყო სპეციფიკური. მაგალითს მოგიყვანთ: მე რომ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, პერსონალური რეიტინგების გაზომვის დროს, ერთ-ერთ შემთხვევაში, როდესაც ნახეს, რომ ჩემი რეიტინგი ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე შემდეგ, “ოცნებისვე” ლიდერების, აიღეს და გამოაქვეყნეს საშუალო შეწონლი “ოცნების” ლიდერის რეიტინგი. ასეთ შემთხვევებიც ყოფილა. ასე რომ, “გორბი” ძალიან სპეფიციკური ორგანიზაციაა”, – განაცხადა ექსპრემიერმა.
„გორბის“ კვლევები ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ტარდება. 8 ოქტომბერს გამოქვეყნებული „გორბის“ კვლევით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის 59.5%; ხოლო გიორგი გახარიას პარტიას 3.8%-იანი რეიტინგი აქვს. „იმედის“ თანახმად, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით, 18-30 სექტემბრის პერიოდში, გამოიკითხა 1 700 ადამიანი და ცდომილება პლუს მინუს 3%-ია.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.