Jump to content
Planeta.Ge

FT: საქართველო ორი შესაძლო მომავლის წინაშეა, რუსეთთან მიახლოება ან პროევროპული გზა


Financial Times საქართველოში არსებულ სიტუაციაზე სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი, ტონი ბარბერი, რომელიც ოქტომბრის თვეში იმყოფებოდა თბილისში ამბობს, რომ პოლიტიკური განწყობა საშინლად დაძაბული და პოლარიზებულია.

„ერთი შეხედვით, საქართველოს ორი შესაძლო მომავლის წინაშე დგას: მცოცავი ავტორიტარიზმი და რუსეთთან მიახლოება, თუ მმართველი პარტია ქართული ოცნება ხელისუფლებაში დარჩება, ან დემოკრატია და პროევროპული გზა, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს“, – წერია სტატიაში.

ჟურნალისტი წერს, რომ 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში, საქართველო გადაიქცა ბრძოლის ველად ორი ფრონტით:  ქართულ ოცნებასა“ და მის ოპონენტებს და თითოეული მხარის შესაბამის რუს და დასავლელ მხარდამჭერებს შორის.

ტონი ბარბერის შეფასებით, პოლიტიკური პოლარიზაციის დონე იმდენად ექსტრემალურია, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთმანეთთან დებატები ექნებოდათ ტელევიზიაში, რადიოში, ან სხვა რომელიმე მედიაში, ურთიერთნდობა კი, მისი შეფასებით, არ არსებობს.

„ახლა ოპოზიცია შიშობს, რომ თუ „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს ხელისუფლებას, ერი შეიძლება მთლიანად მოხვდეს რუსეთის გავლენის ქვეშ და დაკარგოს თავისი ძვირფასი, მაგრამ მყიფე დემოკრატია და სამოქალაქო თავისუფლებები“, – აღნიშნულია სტატიაში.

ჟურნალისტის შეფასებით, დასავლეთისთვის ასეთი შედეგი იქნება დარტყმა მის ინტერესებსა და სანდოობაზე.

სტატიაში მიმოხილულია არჩევნების შესაძლო შედეგები და ის თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები: პოლონური სცენარი, რომელსაც ავტორი ყველაზე ნაკლებად მოელის – ერთი წლის წინ მთავრობამ წააგო არჩევნები ოპოზიციასთან, რომელსაც ყოფილი პრემიერი, დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობდა. მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.

ბელარუსის სცენარი – 2020 წელს მასობრივი აქციები მოჰყვა პრეზიდენტის, ლუკაშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მან გაიმარჯვა არჩევნებში. ხელისუფლებამ დაარბია დემონსტრაციები და დღეს ბელარუსი „ისევე მოკლებულია თავისუფლებას, როგორც ვლადიმერ პუტინის რუსეთი“.

მესამე, სერბული სცენარი, სადაც პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ თუ „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს გაყალბებით, ან დამარცხდება, მაგრამ უარს იტყვის ამის აღიარებაზე, სავარაუდოდ, ანტისამთავრობო ქუჩის პროტესტია მოსალოდნელი.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...