Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის ლიდერები ჩინეთზე დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად გაერთიანებას ცდილობენ


Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერებმა 21 ოქტომბერს მზარდი შეშფოთება გამოხატეს ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხზე, იხსენებენ რა დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე და განაცხადეს, რომ პეკინის მიმართ საჭიროა ერთიანი პოზიციის შემუშავება.

ევროპის კავშირი ჩინეთს 2019 წლიდან განიხილავს როგორც პარტნიორს, ეკონომიკურ კონკურენტს და სისტემურ მეტოქეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურების ლიდერთა სამიტისთვის მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ პეკინი ახლა პირველ რიგში უნდა განიხილებოდეს ეკონომიკურ კონკურენტად, რომელიც ემხრობა "მსოფლიო წესრიგის ალტერნატიულ ხედვას".

სამიტზე ჩინეთთან ურთიერთობა მსჯელობის საგანი იმიტომ გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლება განიხილავს, დაუშვას თუ არა ჩინეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სატრანსპორტო ჯგუფ Cosco-ს მიერ ჰამბურგის სანავსადგურო ტერმინალის წილის მიღება. მთავრობის პასუხი, რომელიც ამჟამად ამ საკითხზე ერთსულოვანი არ არის, მიიჩნევა საზომად იმისა, რამდენად არის იგი მზად, გაამკაცროს თავისი პოზიცია მთავარი სავაჭრო პარტნიორის მიმართ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ჩინეთში ბიზნეს-მენეჯერებთან ერთად გაემგზავრება.

Reuters-ის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროპის კავშირი აკვირდება ჩინეთთან ურთიერთობაში დაძაბულობის დაჩქარებას. სამიტის დამთავრების შემდეგ ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთის მმართველი სი ძინპინი „ჩინეთის მიერ აღებულ ძალიან მტკიცე და თვითკმაყოფილ კურსს“ აძლიერებს. მისი თქმით, „ჩინური სისტემა ძირეულად განსხვავდება ჩვენი სისტემისგან და ვაცნობიერებთ მეტოქეობის ბუნებას.“

ევროპის კავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბლოკის 27 წევრს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს. "ვფიქრობ, რომ ჩინეთის შემთხვევაში ყველაფერი ისევეა, როგორც რუსეთის შემთხვევაში. მათ ინტერესებშია ჩვენი დაყოფა, ჩვენს ინტერესებშია ჩვენი ერთიანობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.

ევროპის კავშირის დიპლომატები შეშფოთებული არიან იმით, რომ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიტყვით გამოვიდა გასულ კვირას, ქვეყანა სულ უფრო ავტორიტარულ გზაზე გადაჰყავს. დიპლომატები შეშფოთებული არიან ასევე რუსეთთან ჩინეთის პარტნიორობით.

სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავიანთ ქვეყნებს შორის "უსაზღვრო" მეგობრობის შესახებ განაცხადეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ქრისიანის კარინშმა, სამიტზე აღნიშნა, რომ ევროპის კავშირისთვის მნიშვნელოვანია, ისაუბროს ჩინეთთან, რათა დარწმუნდეს, რომ ის "ისტორიის სწორ მხარეს" იმყოფება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით. "ჩინეთთან კარგია საქმის ქონა, როცა 27-ნი ვართ და არა როცა ერთი-ერთზე ვართ მასთან".

მისმა ფინელმა კოლეგამ, სანა მარინმა კი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თავიდან უნდა აიცილოს სამომავლო დამოკიდებულება პეკინზე და ამის ნაცვლად, ხელი შეუწყოს დემოკრატიულ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...