Jump to content
Planeta.Ge

გახარია: მდინარაძე იმ სართულზეც ვერ მოვიდოდა ახლოს, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა


„რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად“, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებას.

მისივე თქმით, ტექსტი, რომელიც დღეს ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ წაიკითხა, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაწერილია.

„მამუკა მდინარაძე იმ დროს, ახლა არ ვიცი და ალბათ ახლაც, იმ ოთახში შემოშვებაზე საუბარი კი არა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზე ახლოსაც ვერ მოვიდოდა და რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად.

ეს ტექსტი, რა თქმა უნდა, ივანიშვილის დაწერილია, რომელსაც შიშები ამოძრავებს. იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის, როდესაც წინასაარჩევნოდ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ, როდესაც შენ შენი ხალხისგან გაურკვეველი მიზეზების გამო ითხოვ ბოდიშის მოხდას, ამის შემდეგ შენი დავალებით, განკარგულებით, შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას და ფაქტობრივად, უმძიმეს დარტყმას აყენებს არაღიარების პოლიტიკას, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არაღიარების პოლიტიკას, რაც პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანებას;

როდესაც შენ შენი ფინანსური ინტერესების გამო, ფულის გამო, რიგში აყენებ სახელმწიფო თანამდებობის უმაღლეს პირებს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებსა და შენი ფინანსური, კერძო დავის გამო ამ მონებს ალაპარაკებ, შემდგომ სახელმწიფოს შესაბამისად, იყენებ იმისთვის, რომ როგორმე რაღაც ფული უკან დაიბრუნო, ამაში ძალიან სერიოზული ნიშნებია ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის.

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ივანიშვილს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც განმარტებები გააკეთოს. მერწმუნეთ, ეს განმარტებები იქნება ბევრად უფრო საჭირო მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება განმარტებები, იქნება სხვა ქმედებები. ეს კითხვები საზოგადოებაში არსებობს. როგორ შეიძლება შენს ქვეყანასა და მოქალაქეებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, მოსთხოვო ბოდიშის მოხდა; როგორ შეიძლება შენ შენს სახელმწიფოს დააბრალო ომის დაწყება, მაშინ, როცა იცი, არაღიარების პოლიტიკა არის უზარმაზარი რისკის ქვეშ, ისევ შენ გამო იმიტომ, რომ დაანგრიე დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობა და აქ პირდაპირ თანმიმდევრული მოვლენების ჯაჭვია. ამის შემდეგ დაუწერო ტექსტი და შენი მონა, კლოუნი გამოვიდეს…“, -აცხადებს გახარია.

როგორც გიორგი გახარია ამბობს, „ოცნება“ ძალიან სახიფათო ველში შედის“ და ის „ისტერიკა“, რომელიც „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მზარდ მხარდაჭერაზე.

„ძალიან სახიფათო ველზე შედიან და გეტყვით რატომ – მე უკვე ვიწყებ ფიქრს იმაზე, ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა ის საკითხი, რომელიც ამათ ჩამოთვალეს. დარწმუნებული ვარ, ამ საპარლამენტო კომისიის ფარგლებში, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს საზოგადოება, ოღონდ არჩევნების შემდეგ. იმიტომ, რომ მე არ ვარ ისეთი მდაბიო, როგორც ზოგიერთი, წინასაარჩევნო ინტერესებში მსგავსი თემები გამოვიყენო. იმიტომ, რომ ამის გარეშეც, მერწმუნეთ, ის ისტერიკა, რომელიც „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს ჩვენს მზარდ და მათ თავისუფალ ვარდნაში მყოფ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა გახარიამ.


დღეს, 10 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა ოპოზიციის ლიდერებზე და მიჰყვა მტკიცებას, რომ ისინი „გარე დირექტივებზე არიან დამოკიდებულნი“.

მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“ და „ლელოს“ ლიდერების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „ქართული ოცნების“ ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც დღეს ოპოზიციაშია.

„ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. დავალებებს ისიც საერთო პატრონისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება“, – განაცხადა მდინარაძემ და გაიხსენა ის შემთხვევები, როცა გახარიამ „მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა“.

ამ შემთხვევებს შორის მდინარაძემ ჩამოთვალა კლუბებში სპეცოპერაცია, პანკისში სპეცოპერაცია, მესტიაში სპეცოპერაცია, „ჩორჩანას ინციდენტი“, 20 ივნისი და ეს ყველაფერი პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობას დაუკავშირა. შემდეგ კი თქვა:

„როგორ მოხდა რომ შს მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? ალბათ, გაგიჩნდებოდათ ეს კითხვა. პასუხი არ არის მარტივი, თუმცა ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად […]

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ძალები უჭერდნენ მხარს გახარიას, არათუ მაშინ, ჩვენი გუნდი დღესაც უწევს ანგარიშს ამ ძალებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფრის მიუხედავად, მათთან ღრმა კონფლიქტში არ შევიდეთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...