უკრაინის საგარეო უწყება - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, ასევე უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან
უკრაინა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს ჩვენი სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, ასევე უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინულ უბედურებაზე თავხედურმა სპეკულაციებმა ამხილა სიმართლე საქართველოს მმართველი პარტიის შესახებ, „რომელიც მოიცავს უკრაინელი ხალხისადმი სრულ უპატივცემლობას და მზადყოფნას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს უკრაინელი და ქართველი ხალხების ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს პოლიტიკური ქულების გამო“.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ხელმძღვანელობის მორიგ მცდელობებს, ჩაითრიოს უკრაინა თავისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებების აგდებული ტონის გათვალისწინებით, იძულებული ვართ, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ უკრაინის პოზიცია.
გასაკვირია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დაჟინებული მცდელობა, წაშალოს ქართველი ხალხის მეხსიერებიდან რუსეთის უამრავი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და აგრძელებს ჩადენას როგორც საქართველოს, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სამარცხვინოდ მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ რეკლამაში იყენებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის სურათებს. უკრაინულ უბედურებაზე თავხედურმა სპეკულაციებმა ამხილა სიმართლე საქართველოს მმართველი პარტიის შესახებ, რომელიც მოიცავს უკრაინელი ხალხისადმი სრულ უპატივცემლობას და მზადყოფნას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს უკრაინელი და ქართველი ხალხების ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს პოლიტიკური ქულების გამო.
14 ოქტომბერს საქართველოში დიდი მართლმადიდებლური დღესასწაულის, მცხეთობა-სვეტიცხოვლობის წინ, განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" პოლიტიკურ რეკლამაში რუსი სამხედრო დამნაშავეების მიერ განადგურებული უკრაინული რელიგიური სიწმინდეების გამოსახულება.
მწუხარებით ვაცხადებთ, რომ რუსეთის მიდგომების მიბაძვით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფასა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მხარდაჭერაში სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაწილეობის შეზღუდვაში, საქართველოს მთავრობა გადაიქცა კრემლის ქსეროქსად.
კიდევ ერთი სიმართლე უნდა შეგახსენოთ, რომლის გამჟღავნებაც დაავიწყდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერაზე საქართველოს ხელისუფლების უარმა, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენამ, 2000-იანი წლების დასაწყისში შემოღებული სავიზო რეჟიმის გაუქმებამ და ორმხრივი ვაჭრობის გააქტიურებამ საქართველო დააბრუნა მოსკოვზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ფორმატში.
საქართველოს ქალაქებში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრედიტებული კერძო რუსული სკოლების გამოჩენა არა მხოლოდ აჩენს ეჭვს განათლების ხარისხთან დაკავშირებით, არამედ რაშისტული პროპაგანდით ქართველი ახალგაზრდების დამუშავების საფრთხეს წარმოქმნის.
მოვუწოდებთ მათ, ვისაც სიმართლის გამჟღავნება სურს, საკუთარ ხალხსაც აუხსნას, თუ რატომ არის რუსი ოკუპანტების მიერ დანგრეულ ხერსონში, სადაც განზრახ განადგურდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ამჟამად უფრო ნაკლები შეფერხება სინათლისა და გაზის მიწოდებაში, ვიდრე მშვიდობიან თბილისში.
უკრაინა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს ჩვენი სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, ასევე უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან. ვიმედოვნებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება მშვიდობიან და დემოკრატიულ პირობებში და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს“,- ნათქვამია განცხადებაში.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.