Jump to content
Planeta.Ge

JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ — დამფუძნებლის თქმით, „ოცნების“ კლიპი მან გადაიღო


კრეატიულ სააგენტო JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ. თანამშრომლებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დღეს, 10 ოქტომბერს, JWT Metro-ს დამფუძნებელმა, ნიკა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი გადაღებულია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპი.

ნიკა ბოჭორიშვილი წერს: „ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად“.

კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელი სანდრო ჯავახიშვილი წერს, რომ არაფერი იცოდა მმართველი გუნდის მხარდამჭერ პროექტზე. ის ამბობს, რომ სააგენტოს თანამშრომლები ამ პროექტში არ მონაწილეობდნენ.

„სამწუხაროა, რომ კომპანიაში, სადაც 4 წელი გავატარე, კეთდება პროექტი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ცოდნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას უფრო მარტივად და სწრაფად მივიღებდი. შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ სააგენტოს თანამშრომლები ამ პროექტში არ მონაწილეობდნენ, თუმცა ეს კომპანიაზე არაფერ კარგს მაინც არ ამბობს. P.S. ვეძებ სამსახურს“, – წერს  სანდრო ჯავახიშვილი.

სანდრო ჯავახიშვილის გარდა, ჩვენთვის ცნობილია, რომ სამსახური დატოვეს: გიკა მიქაბაძემ, ლიკუნა ხაზარაძემ, სალი ნიკოლაიშვილმა, გიგი სარჯველაძემ, ბიკო ვარშანიძემ, გიორგი აბულაძემ, ნინო დვალმა, გიორგი კვიტატიანმა.

JWT Metro-ს აღმასრულებელი პროდიუსერი, სანდრო ბაილაია სოციალურ ქსელში წერს, რომ არც მას და არც სააგენტოს გუნდს არ ჰქონია პროექტთან შეხება:

„ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ იმით დავიწყებ, რაც ზუსტად ვიცი, არც მე და არც ჩვენს გუნდს არ გვქონია ამ პროექტთან შეხება. რთულია შევიდე ამ ამ აურაცხელი პოსტების კომენტარებში, მაგრამ ვინც გვიცნობს და იცის ამ სფეროსთვის რას ვაკეთებთ, იმედია ყველაფერს ხვდება. ყოველთვის არის გზა, რომელიც ხან პარალელურად მიდის, ხან თავის მიმართულებას პოულობს. როგორც ჩანს ცვლილებები გარდაუვალია“

JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი, ეკა ყიფინი იგივეს ამბობს „ფორმულასთან“ და ყვება, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა პროექტზე გუშინ გაიგეს. მისივე თქმით, არ ეთანხმებიან ნიკა ბოჭორიშვილის გადაწყვეტილებას.

„ეს ვიდეორგოლი არ გადაღებულა სააგენტოს ფარგლებში. შესაბამისად, არც არავის დაუძალებია ჩვენთვის არასდროს, რამე რომ გაგვეკეთებინა, ან არ გაგვეკეთებინა. ჩვენ ერთად ვნახეთ გუშინ. ახლა რომ ტყდება ყველაფერი ერთ ადამიანზე, რომელმაც ყველაფერი თავის თავზე აიღო, დანარჩენები იმალებიან. ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ არასწორად მოგვექცა და ვერ ვეთანხმებით მაგ გზაში და არ აქვს მნიშვნელობა, ვერ გავაგრძელებთ ასე მუშაობას. არ მინდა, იფიქროთ, რომ ჩვენ მას ცეცხლში ვაგდებთ. ყოველ შემთხვევაში ის ერთადერთი მაინცაა, ვინც გამოვიდა და თავის თავზე აიღო, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული ამ პროექტში. ამისთვის მადლობას ვუხდი მას. ვიდეო ხომ მარტო არ კეთდება, ერთი ადამიანის ჩართულობით? ამ ადამიანს არც კამერა აუღია და არც რეჟისორი ყოფილა… მადლობა მას, რომ ჩვენ არ შეგვეხო ეს პროექტი, მაგრამ მეორე მხრივ, არ გამოდის… ჩვენი სააგენტო, ფაქტობრივად, დაიშალა… ყველაფერი ხანდახან უკეთესობისთვისაც ხდება“, – ამბობს ყიფიანი „ფორმულასთან“.

JWT Metro ერთ-ერთი იყო იმ კრეატიულ სააგენტოებს შორის, რომლებმაც გაზაფხულზე, პროტესტის დროს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ არ ითანამშრომლებდნენ ბრენდებთან, რომლებიც მხარს უჭერენ რუსულ კანონს.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...