"მავნე პრაქტიკაა, რომ კომპანიები ტენდერებს იგებენ და ვალდებულებებს არ ასრულებენ"- სოფიო ხორგუანი
ამორტიზებული გზები, დაუსრულებელი პროექტები და ტენდერები, რომელიც ვადებში ვერ სრულდება - რეგიონის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში ბრიფინგი გამართა.
სოფიო ხორგუანმა რეგიონში გზების სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ზოგიერთი პროექტი ჯერ კიდევ 2022-23 წლებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე კვლავ რჩება დაუსრულებელი მონაკვეთები. რთული მდგომარეობაა როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის, ისე სატრანზიტო და სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე. გზები ამორტიზებულია ისეთ ადგილებში, რომლებსაც ათასობით ტურისტი სტუმრობს ბორჯომში, ადიგენში, აბასთუმანში, ასპინძაში.
"სამარცხვინოა ოცდამეერთე საუკუნეში, რომ ამაზე მიწევს საუბარი. ძალიან მავნე პრაქტიკა არის ეს, რომ კომპანიები, რომლებიც იგებენ ტენდერებს, მერე ვალდებულებებს დროულად არ ასრულებენ. ჩვეულებრივ ამბად და ნორმად იქცა, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით უნდა მივმართოთ შესაბამის უწყებებს"- ამბობს სოფიო ხორგუანი ჟურნალისტებთან საუბრისას.
სოფიო ხორგუანმა ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართა, რომ მოსთხოვოს კომპანიებს აღებული ვალდებულებების დროული შესრულება. ხოლო მუნიციპალიტეტების მერიებთან შეთანხმებით სამინისტრომ სასწრაფოდ დაიწყოს სოფლებში გზების მოწესრიგების გეგმის განხორციელება.
tv9news.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.