უნდა გამკაცრდეს კანონი და კონტროლი – ხორგუანი მერიის არალიცენზირებულ კომპანიაზე, რომელიც მოსახლეობას წყალს აწვდის
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სამცხე–ჯავახეთში და დეპუტატობის კანდიდატმა, სოფიო ხორგუანმა რეგიონებში სასმელი წყლის ხარისხის პრობლემებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, არალიცენზირებული მუნიციპალური ა(ა)იპ–ების მიერ, მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი, რომელიც ზოგ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს შესაბამისი ხარისხის მოთხოვნებს, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას. იგი ფიქრობს, რომ საჭიროა მომავალმა პარლამენტმა გაამკაცროს კანონი, რათა მოქალაქეებისთვის სასმელი წყლის მიწოდება მხოლოდ ლიცენზირებულმა კომპანიებმა შეძლონ.
სოფიო ხორგუანის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სასმელ წყალში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირები აღმოაჩინეს,რეაგირებისთვის მიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას. მისი ინფორმაციით, საჯარო უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ დარღვევების გამოვლენის შემდეგ, ჩატარდა შესაბამისი გაწმენდითი დროებითი სამუშაოები და ამ ეტაპზე, მოსახლეობას სასმელად ვარგისი წყალი მიეწოდება.
ცნობისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირები, ბაქტერიული კოლონიის წარმომქმნელი ერთეულები (საერთო კოლიფორმები) და მღვრიე წყალი – ეს ის მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური დარღვევებია, რაც „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ“ (სეს) ახალციხის მერიის ააიპ–ის და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაქვემდებარებაში მყოფ წყლის გამანაწილებელ ქსელებში გამოავლინა. დაუშვებელი დარღვევების ნაწილი საჯარო სკოლებიდან აღებულ სინჯებშიც დაფიქსირდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წელს გამოქვეყნებული დასკვნით, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021–2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს ეხება, ახალციხის 42 სოფელში მოსახლეობა ლაბორატორიულად შეუმოწმებელ წყალს მოიხმარს. წყლის ხარისხზე და მის მუდმივ შემოწმებაზე ახალციხის მერიის ააიპ–ი, „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინებაა“, რომელსაც კანონით განსაზღვრული ლიცენზიაც კი არ აქვს.
აუდიტის კრიტიკულ დასკვნასთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ „სამხრეთის კარიბჭეს“ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მერიის ააიპ–ს დღემდე არ აქვს წყლის ლაბორატორიულად შესამოწმებლად საჭირო ლიცენზია. თუმცა, დღემდე რატომ ვერ შეძლო მან შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება, მერიამ პასუხი არ გაგვცა.
სახელმწიფო შესყიდვების ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ახალციხის მერიის ააიპ–ს, „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინებამ“ წყლის ლაბორატორიული კვლევა 24 ივლისის ჩათვლით მხოლოდ ორჯერ ჩაატარა, ისიც „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მონიტორინგის შემდეგ და მხოლოდ შვიდ სოფელში.
24 ივლისის შემდეგ, „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირებამ“ გამარტივებული შესყიდვა გააფორმა 9 სექტემბერს სსიპ „სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან“, რომლის თანახმად მას მიკრობიოლოგიური კვლევა 15 სინჯზე უნდა ჩაეტარებინა. ამავე შესყიდვის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე არსებული ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევები სოფელ აწყურში, წნისში, მუსხში, ანდრიაწმინდასა და წირაში ჩატარდა.
სად და რა სახის დარღვევები გამოვლინდა ლაბორატორიული კვლევისას ახალციხის მუნიციპალიტეტის ზოგ სოფელში, რომელიც 23–27 მაისს ჩატარდა, იხილეთ ვრცლად ბმულზე.
აღნიშნულს გარდა, „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლო ათ წელში ახალციხის მუნიციპალიტეტის მარტო 3 დასახლებაში: სვირში, აწყურსა და ვალეში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან 3 მილიონის ფარგლებში ტენდერები ახალციხის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა, თუმცა თანხის ნახევარი, მილიონ–ნახევარზე მეტი, ტენდერებით, ისევ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების კომპანიებმა, ასევე მათმა პარტნიორებმა და კორუფციაში ბრალდებულმა პირებმა აიღეს. რაც შეეხება დარჩენილ 7 მილიონს, რომლითაც ვალეში უკვე უწყვეტი წყალმომარაგება უნდა იყოს, ისე დაიხარჯა, რომ ჯერ წყლის სისტემა არ გაუმართავთ. საბოლოოდ, სამივე დასახლებაში სასმელი წყლის პრობლემა ისევ ისე დგას, როგორც 10 წლის წინ იყო.
sknews.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.