Jump to content
Planeta.Ge

საფრანგეთში თანხებს აგროვებენ ემიგრანტების საარჩევნო უბნამდე ტრანსპორტირებისთვის


საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც პარიზში გახსნილი საარჩევნო უბნიდან შორს ცხოვრობენ, მოქალაქეები თანხას აგროვებენ.

ინიციატივა თავისუფალ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს „ერთი მოქალაქე – ერთი არჩევანი“ – ეკუთვნის. მათი მიზანია საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის მაქსიმალური გაზრდა 26 ოქტომბრის არჩევნებში.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, თამარა დემურია ნეტგაზეთთან ამბობს, ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საფრანგეთის სხვადასხვა დიდ ქალაქში საარჩევნო უბნები არ გახსნეს.

„ძალიან ბევრი ქართველი იმყოფება საფრანგეთში და საფრანგეთი ტერიტორიულად უზარმაზარი ქვეყანაა. მინიმუმ, 3-4 საათი უნდა ადამიანს იმისთვის, რომ პარიზში ჩამოვიდეს. ჩვენ ამის გამო დავგეგმეთ, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს 26 ოქტომბერს პარიზში ჩამოსვლაში, რათა მისცენ ხმა და თავიანთი კონსტიტუციური უფლება გამოიყენონ.

ბევრი ქართველი თვითონ დაგვიკავშირდა და გვეკითხებოდნენ თუ გვქონდა რაიმე საშუალება, რომ დავხმარებოდით. ჩვენ მოვიძიეთ და დავუკავშირდით საფრანგეთში მყოფ ქართველებს და ზოგი თავისით ჩამოდის, ჩამოჰყავს სხვები და თვითორგანიზება ხდება 26 ოქტომბრისთვის“, – ამბობს თამარა დემურია.

მისი თქმით, ამ დროისთვის შეგროვებული თანხა, დიდი ალბათობით, სტრასბურგიდან და რენიდან ტრანსპორტირების ხარჯებს დაფარავს.

თუმცა როგორც თამარა დემურია ამბობს, საინიციატივო ჯგუფს სურს, რომ საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებში მცხოვრებ ქართველებსაც დაეხმარონ საარჩევნო უბნამდე მისვლაში.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ დავეხმარებით ბრეტანში  მყოფ ქართველებს, რადგან უფრო ახლოს იმყოფებიან და ბევრნი არიან. გამოკითხვა ჩავატარეთ და ვინც იმ გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, პირველ ადგილზე არის ბრეტანის რეგიონი, აქ შედის რენი, ნანტი, სემბრიო და ირგვლივ მდებარე სხვადასხვა ქალაქი. ასევე, სტრასბურგის ქართველებისთვის გვაქვს შესაძლებლობა, იქაც ძალიან ბევრნი არიან და ა.შ.

რაც შეიძლება მეტ ქართველს დავეხმარებით ჩამოსვლაში. ზუსტად ვიცით, რომ ბრეტანიდან და სტრასბურგიდან ტრანსპორტირება აუცილებლად გამოგვივა. შემდეგ უკვე სხვა ქალაქები… როგორიცაა, ლიონი, მონპელიე, ტულუზა, ბორდო, ნიცა. თუმცა ჯერჯერობით ამ ქალაქებზე ვერაფერს ვაკეთებთ, რადგან ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომაც გავხსენით სამოქალაქო ყულაბა, სადაც ვთხოვთ ყველას, რომ შეძლებისდაგვარად დადოს თანხა. 5 ათასი ევრო გვქონდა შეგროვებული და ამ დილით ყულაბიდან ათას ევრომდე დაემატა. სავარაუდოდ, ეს გვეყოფა ორი ქალაქისთვის, სტრასბურგისა და რენისთვის. მაგალითად, ლილიდან თავად ჩამოდიან ქართველები, მაგრამ ჩვენი დახმარებაც დასჭირდებათ“, – აცხადებს თამარა დემურია.

ცესკო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს გახსნის. მათ შორის, 1 საარჩევნო უბანი გაიხსნება საფრანგეთში, პარიზში (8 რუ ბრემონწიე 75017 პარიზი).

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...