Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე - სჯობს, კობახიძე შეეშვას ეკონომიკას და ძალების მოსინჯვა კვლავ იურისპრუდენციაში გააგრძელოს


„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამამ კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ „ოცნებას“ არანაირი რესურსი იმისა, რომ ხელისუფლებაში დარჩეს, არ გააჩნია - სჯობს, კობახიძე შეეშვას ეკონომიკას და ძალების მოსინჯვა კვლავ იურისპრუდენციაში გააგრძელოს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, „არაფრის მომცემ ღონისძიებას“ არ დაესწრო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც „2028 წლის „ფანტასტიკურ წინასწარმეტყველებებზე“ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა არ აიღო“.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამამ, რომლის პრეზენტაციაც გუშინ ქვეყნის ვერშემდგარმა პრემიერ-მინისტრმა გამართა, კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ „ოცნებას“ არანაირი რესურსი იმისა, რომ ხელისუფლებაში დარჩეს, არ გააჩნია.

ისინი ატყუებენ არამხოლოდ ჩვენს მოსახლეობას, არამედ ერთმანეთს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს ერთს, ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი პროგნოზები კი - მეორეს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, 2028 წლისთვის ქვეყნის მშპ-ს, ბიუჯეტის და სხვა ეკონომიური მაჩვენებლების ზეოპტიმისტური სცენარებით კობახიძის მიერ წარმოჩინება, როცა ქვეყნის საგარეო მხარდაჭერა ევროკავშირიდან, შტატებიდან, პრაქტიკულად, განულებულია და ეს მომავალი წლის ბიუჯეტშიც კარგად ჩანს - კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ, სჯობს, კობახიძე შეეშვას ეკონომიკას და ძალების მოსინჯვა კვლავ იურისპრუდენციაში გააგრძელოს.

როგორც ჩანს, სწორედ ამგვარ, არაფრის მომცემ ღონისძიებაზე, არ დაესწრო სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2028 წლის „ფანტასტიკურ წინასწარმეტყველებებზე“ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა არ აიღო. 4-წლიან ჭრილში გაცემულ დაპირებებზე მას საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვს.

იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალურად დაიძლიოს სიღარიბე, უნდა მოხდეს სოციალური დაცვის სისტემის დეპოლიტიზირება, მინიმალური სოციალური გარანტიების - მინიმალური ხელფასის, უმუშევრობის დაზღვევის, ასაკობრივი პენსიის და სოციალური შემწეობის ზრდა. სახელმწიფო ბიუროკრატიის ახალგაზრდების დასაქმებაზე ორიენტირება და სისტემური გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - არც პროგრამაში და არც მომავალი წლის ბიუჯეტში ასახული არ არის.

ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ჭირდება ყველაფერი ის, რაც ჩვენი გუნდის „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პროგრამაშია ასახული და არა ის „არაფერი“, რომელიც „ოცნების“ სადღეგრძელოებშია ასახული.

ამიტომ, ჩვენი წინადადება წინასაარჩევნო დებატებზე კვლავ ძალაშია და მათივე პარტიულ ტელევიზიებში, მზად ვართ, საზოგადოებას ვაჩვენოთ „ოცნების“ მატყუარა სახე და რეალური გზა ეკონომიკური წინსვლისთვის და ევროპული კეთილდღეობისთვის. ამასთან, შეგვიძლია, სრულიად უსასყიდლოდ, ეკონომიკური პოლიტიკის საწყისებზე ცოტა მეტი ცოდნა გავუზიაროთ“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...