Jump to content
Planeta.Ge

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ - იგეგმება რეზოლუციის მიღებაც


დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დღის წესრიგის თანახმად, სესიაზე იქნება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მოხსენება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა.

ბორელი წარადგენს მოხსენებას, სახელწოდებით „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში”. ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც – წარდგენილია 7 რეზოლუციის პროექტი, რომლის საბოლოო შეჯერებულ ვარიანტს დეპუტატები კენჭს, სავარაუდოდ, ხვალ უყრიან.

ერთ-ერთი პროექტი ეკუთვნის ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფს, რომელთა წევრებიც არიან რასა იუკნევიჩიენე, მაიკლ გალერი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი და სხვები. დეპუტატები რეზოლუციის პროექტით გმობენ რუსულ და ჰომოფობიურ კანონებს, რომლებსაც ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამოდ აფასებენ და მიუთითებენ, რომ ისინი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ამბიციებთან, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სანამ ეს კანონმდებლობები არ გაუქმდება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში პროგრესი ვერ მიიღწევა.

დოკუმენტში საუბარია, რომ ევროპარლამენტი მმართველი პარტიის მხრიდან მოახლოებულ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის ნების პატივისცემას და დამარცხების შემთხვევაში, ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარებას მოელის. დეპუტატები მოუწოდებენ „ქართველი ოცნების” წევრებს, რომ შეწყვიტონ სიძულვილის ენა და ზეწოლა, რაც მიმართულია ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ. ამასთან, აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანისთვის.

„ევროპარლამენტს მტკიცედ სწამს, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება, თუ არჩევნები არ ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში და თუ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების, კერძოდ, ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება”.

რეზოლუციის პროექტში ნახსენებია ბიძინა ივანიშვილის პირადი როლი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში და განმეორებულია მოწოდება EU ინსტიტუტების მიმართ, რომ საქართველოს მოსახლეობის სურვილების საწინააღმდეგოდ საქმიანობისა და პოლიტიკური პროცესის გაუარესების გამო მას პერსონალური სანქციები დაუწესონ.

„ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, პასუხისმგებლობა დააკისროს და დაუწესოს პერსონალური სანქციები ყველას, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, ვინც მონაწილეობდა პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში, ვინც ავრცელებდა ანტიდასავლურ დეზინფორმაციას. მიესალმება „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისადმი აშშ-ის მიერ დაწესებულ პერსონალურ სანქციებს”.

რეზოლუციის პროექტი წარმოდგენილი აქვს S&D Group ჯგუფსაც, სადაც ასევე საუბარია ბოლო დროს მმართველი პარტიის მიერ მიღებულ კანონებსა და ევროკავშირის ღირებულებებთან მათ შეუთავსებლობაზე – დეპუტატები პარლამენტს მოუწოდებენ, რომ გაიწვიონ ეს კანონები და თავი შეიკავონ სხვა ისეთი პროექტების წარდგენისგან, რაც შეუთავსებელია დემოკრატიის პრინციპებთან, კანონის უზენაესობასთან და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან.

Renew Group-ის მიერ წარდგენილ პროექტშიც გაჟღერებულია სანქციების დაწესების მოწოდება მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას – დეპუტატები მიმართავენ საბჭოს, განიხილოს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილისადმი. ასევე, მოუწოდებენ საქართველოს კომერციულ ბანკებს, შეასრულონ საერთაშორისო სანქციები.

დამატებით, დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, რომ დაუწესოს სანქციები რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საპასუხოდ და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად ეფექტური ზომები მიიღოს.

დოკუმენტში გამოხატულია შეშფოთება რუსულ პოლიტიკასთან საქართველოს მთავრობის დამოკიდებულების, ასევე, „ქართული ოცნების” პარტიის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის ძალადობრივი ფოტოების საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით გამოყენების მიმართ.

ამასთან, საუბარია ჰომოფობიურ კანონზე და ხაზგასმულია, რომ მისი ამოქმედებიდან ორ დღეში საქართველოში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...