პრეზიდენტის თქმით, არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა სადაც კიდევ ერთხელ ისუაბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა დიასპორაზე და აღნიშნა, რომ ცესკოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკონსულოების პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნების დღეს უბნებზე შეფერხება არ იყოს და მოქალაქეებმა ხმის მიცემა შეძლონ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაყალბების “მთავარი დამარცხება“ მობილიზაციაა.
„არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო და ბევრჯერ კიდევ გავიმეორებ, რომ მთავარი დამარცხება გაყალბების, რომელიც მზადდება ყველა მხრიდან და ამას ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, დამარცხება გაყალბების არის მობილიზაცია, ყველას მისვლა. ასე რომ, თქვენი, ჩემი, ჩვენი ყველას ვალდებულებაა მივიდეთ არჩევნებზე, არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, მისი დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი, ეს ჩვენ ხელშია“, – თქვა ზურაბიშვილმა.
მან ისაუბრა ხმების დაცვაზეც და მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდა დააკვირდნენ არჩევნებს:
„ხმის დაცვისთვის საჭიროა დამკვირვებლები, არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს, სადაც უნდა ჩაეწეროთ, მე მინდა მივმართო უფრო ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენი მომავალი არის ის რაც წყდება 26 ოქტომბერს, ამიტომ თქვენი დიდი პასუხისმგებლობაა, თქვენ უთუოდ იქნებით ძალიან კარგი დამცველები თქვენი ხმების. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა არასამთავრობოებს სწორედ ამ ტრენინგებისთვის და დამკვირვებლებისთვის, ეს არის ჩემი ხმა და მე მინდა მოგიწვიოთ და ყველამ იგრძნოთ ეს პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია დამკვირვებლობა”.
გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში მოეწყობა საკოორდინაციო პლატფორმა და საარჩევნო პროცესს მონიტორინგს გაუწევენ.
„ამ სასახლეში არჩევნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერს იმას, რაც იმ დღეს მოხდება და ერთად შემდეგ გამარჯვებაც ვიზეიმოთ… ყველა არჩევნებზე“, – თქვა პრეზიდენტმა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.