გაპანღურებაზე კომენტარის შემდეგ EU-ის ელჩი მიანიშნებს, რომ მისი გაძევება დღესვე შეუძლიათ
საქართველოს საკითხი ოქტომბერში ევროპარლამენტის და ევროკავშირის ლიდერების განხილვის დღის წესრიგშია, რაც ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, „არ არის კარგი ნიშანი“ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროსტრუქტურებში არსებულ შეშფოთებაზე მიუთითებს.
კერძოდ:
- 8-9 ოქტომბერს ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები და რეზოლუციის მიღება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ;
- საქართველოს საკითხი შეტანილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 14 ოქტომბრის შეხვედრის დღის წესრიგში;
- 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც ასევე იმსჯელებენ საქართველოზე;
- ოქტომბრის მეორე ნახევარში დაგეგმილია გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც მათ შორის შეაფასებს, როგორ შეასრულა ევროკომისიის 9 რეკომენდაცია.
„ის, რომ საქართველოში არსებული ვითარების საკითხი განიხილება ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, ევროკავშირის ლიდერებს შორის, არ არის კარგი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში შეშფოთებულნი არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით“, — განუცხადა ჟურნალისტებს პაველ ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინსკის თქმით, გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნება მოსალოდნელია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან რამდენიმე დღის შემდეგ. ელჩი არ ელის, რომ ის პოზიტიურად შეაფასებს საქართველოს ნაბიჯებს და ევროპულ საბჭოს მისცემს მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას.
„ვფიქრობ, რომ პოზიტიური რეკომენდაცია ძალზე ნაკლებად სავარაუდოა და ის, რომ 27 წევრი სახელმწიფო ერთხმად მიიღებს პოზიტიურ გადაწყვეტილებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა“, — თქვა ჰერჩინსკიმ.
ელჩის შეფასებით, 9 ნაბიჯის მიმართულებით წინსვლა არ ყოფილა.
„ბოლო რამდენიმე თვე დაიკარგა. საჭირო რეფორმებზე წინსვლის ნაცვლად, ბევრი უარყოფითი რამ ხდება. იყო ბევრი საკანონმდებლო გადაწყვეტილება, რომელიც არათუ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, სრულიად შეუთავსებელია ჩვენს ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ძირითად ღირებულებებთან, რომლებიც მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. ეს ღირებულებებია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, უმცირესობათა უფლებების ჩათვლით“, — განაცხადა ჰერჩისნკიმ.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები და დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან — ვინც არ უნდა იყოს ის — ევროკავშირის ურთიერთობები გაგრძელდება. თუმცა, თუ ამ ხელისუფლებას ენდომება ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა გაიზიაროს ბლოკის ძირითადი ღირებულებები.
„ვიმედოვნებ, რომ გვექნება არა მხოლოდ ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობები — რაც ევროკავშირს მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან აქვს — არამედ საქართველო დაეწევა [გაფართოების სხვა ქვეყნებს] და სწრაფად წაიწევს წინ გაწევრიანების გზაზე. ჩვენ გვსურს, გნახოთ ჩვენს მაგიდასთან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ“, — დასძინა ელჩმა.
„ქართული ოცნების“ კრიტიკის შემდეგ, ელჩმა გაიმეორა, რომ იმავე პოზიციაზე რჩება ბანერებთან დაკავშირებით. საუბარია 26 სექტემბრიდან გამოფენილ ბანერებზე, რომლითაც „ქართული ოცნება” ამომრჩეველს მშვიდობასა და ომს შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. ბანერების ერთ მხარეს, ნაცრისფერ ფონზე, რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის ქალაქები, ეკლესიები, საავადმყოფოები და თეატრებია ნაჩვენები, მეორე მხარეს კი, ფერადი კადრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ შენობის ხედით. პარალელურად, მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა იმავე შინაარსის სარეკლამო ვიდეორგოლი. სამმა ტელევიზიამ — „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ — აღნიშნული ვიდეორგოლის ეთერში გაშვებაზე უარი თქვა.
ჰერჩინსკიმ ამ ბანერებს „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ უწოდა, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან საარჩევნო კამპანიაში ჩარევად შეფასდა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები მიუღებელია და ნორმალურ ქვეყანაში იგივე რომ გაკეთებინა საქართველოს ელჩს, „მაშინვე გამოაპანღურებდნენ“. ჰერჩინსკიმ კალაძის კონკრეტულ განცხადებას არ უპასუხა, თუმცა მიანიშნა, რომ ოფიციალურ თბილისს ყოველთვის შეუძლია დიპლომატის გამოცხადება პერსონა ნონ-გრატად.
„მედიამ მკითხა და გულწრფელად გავუზიარე ჩემი შეხედულებები. ახლაც ამ აზრზე ვრჩები. როგორც ევროკავშირის ელჩი, მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა ჩემი კომუნიკაცია ისე ვაწარმოო, არასდროს დამადანაშაულონ ჩარევაში… კომენტარს არ ვაკეთებ სხვების განცხადებებზე. ეს არ არის ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლი. ჩემი საქმეა ევროკავშირის პოზიციის წარმოჩენა. განსაკუთრებით მიმდინარე საარჩევნო კამპანიის კონტექსტში, ამ ან სხვა განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე შემიძლია ვთქვა, რომ დიპლომატიური პრაქტიკის მიხედვით, ყოველთვის არის შესაძლებლობა, ნებისმიერმა ქვეყანამ სთხოვოს უცხოელ დიპლომატს წასვლა. ბოლო თვეებში და წლებში კი, სამწუხაროდ, ბევრი ასეთი შემთხვევა გვქონდა სხვადასხვა სახელმწიფოებში“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩმა კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის ხელახლა ინიციირებაზეც და თქვა, რომ ეს ხელს არ უწყობს დეპოლარიზაციას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.